16:16 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 20:59:45, 941 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, შიშები გააღვივონ - საქართველო ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს

არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, მოსახლეობაში საქართველოს მიმართ გააღვივონ უადგილო შიშები. საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას,- ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა და თქვა, რომ საბჭოს მიერ განსახილველ საკითხთა შორის დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარებაც უნდა იყოს.

"საბჭომ უნდა განიხილოს არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, ეს მოვლენები გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ გააღვივონ უადგილო შიშები. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება და საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ. და ბოლოს, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია",- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

მოგვიანებით, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა. არსებული ინფორმაციით, "ვაგნერი" გზას მოსკოვისკენ აგრძელებს.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics