|
2023-06-12 11:58:39, 1169 ნახვა
სამართალი
GDI პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ორგანიზაციის ცნობით, GDI-მ საკონსტიტუციო სასამართლოს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის, გიორგი კიკაბიძისა და ოპერატორის, გენადი ქვაჩახიას სახელით მიმართა. GDI-ს პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციდან გამომდინარე, დაუშვებელია პარლამენტარების და საჯარო მოხელეების არასასურველი კითხვებისგან დაცვის მიზნით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა. გარდა ამისა, გასაჩივრებული ნორმები არ ითვალისწინებს მთელ რიგ პროცედურულ გარანტიებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად. "1. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალისტების პოზიციის გათვალისწინების გარეშე; 2. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების საკითხი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი არ აფასებს, რა უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის: ჟურნალისტის მიერ საკუთარი უფლების განხორციელება პარლამენტის შენობაში, თუ პარლამენტარისთვის შექმნილი დისკომფორტი, რომელიც ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის/ინტერვიუს ჩაწერით არის გამოწვეული; 3. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორის ვინაობა და აკრედიტაციის შეჩერება ეხება არა მხოლოდ იმ ჟურნალისტს, რომელიც უარის თქმის შემდეგ კვლავ განაგრძობს ინტერვიუს, არამედ სპეციალური აკრედიტაციის მქონე იმ პირებსაც, რომლებიც ტექნიკურად უზრუნველყოფენ ინტერვიუს ჩაწერას, მაგალითად ოპერატორებს. ამას ადასტურებს მოსარჩელე გენადი ქვაჩახიასთვის აკრედიტაციის შეჩერება, რომელიც სწორედ ტექნიკურად ახორციელებდა ინტევიუს ჩაწერას (მოსარჩელე გახლავთ ოპერატორი) და მას კითხვები არ დაუსვამს რესპონდენტისთვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, GDI მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისა, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან. საქმეს GDI, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს",- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)