|
2023-05-06 10:40:25, 1135 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზის ტერასებზე გაშენების პროცესი იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, სადაც მესხური ვაზის გაშენების პროცესში მიიღო მონაწილეობა. მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ რეგიონის რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთში ფერმერებისთვის ენდემური ვაზის ნერგების უსასყიდლოდ გადაცემა და გაშენება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში ხორციელდება. „აგრობიომრავალფეროვნების აღდგენა და დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორისაა ახალი პროექტი, რომელიც წელს დავიწყეთ და რომლის მიზანი მესხური ვაზის და ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების ისტორიულ სამშობლოსთან დაბრუნებაა. პროექტის ფარგლებში ადგილობრივებს წარმოებისთვის უსასყიდლოდ გადავცემთ მესხური ვაზის ნერგებს და ხორბლის თესლს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, დღეისათვის, მესხური ვაზის 26 ჯიში გვაქვს მოძიებული. მათი დიდი ნაწილი აღდგენილია ჩვენს უნიკალურ ჯიღაურას ბაზაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობს. აღნიშნული გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ პროექტები, რომელთა მიზანიც არის, ერთი მხრივ, დავიცვათ ჩვენი ბიომრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, დავეხმაროთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკური პირობები“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტის თვეში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა 14 ბენეფიციარი ფერმერული მეურნეობა, რომელიც 96 ფერმერს აერთიანებს. ვაზის ტერასებზე გაშენების პროცესი უკვე დაწყებულია; სხვადასხვა ლოკაციაზე 3 ათასი ნერგი ირგვება. „კამპანია „გავაცოცხლოთ მესხური ვაზის ფესვები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და მისი მიზანია მესხური ვაზის და მესხური ხორბლის ჯიშების შენარჩუნება, აღდგენა და აგროტურიზმის ციკლში ჩართვა. ოთხი საუკუნის წინ დაკარგული ტრადიციის აღდგენა რთულია და ამას ეტაპობრივად ვგეგმავთ. ეს არის კამპანია, რომელსაც აქვს გლობალური ხასიათი, რადგან მესხური ვაზი და მესხური ხორბალი გლობალური მნიშვნელობისაა; აგრობიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მაღალი ღირებულებების მატარებელი პროდუქტებია და მათი დაბრუნება გასტროპროდუქტებში და აგროტურიზმის სექტორში არის პროექტის პირდაპირი მიზანი“, - პროექტის აღმსრულებელმა დირექტორმა სოფო ახობაძემ. „მესხური ვაზის ჯიშის აღდგენასა და გაშენებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გადაშენების პირას მისული ადგილობრივი აბორიგენული ჯიშების მოძიება, აღდგენა და დაცვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე მოხდა. ეს უნიკალური ბაზა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს 2014 წელს ფონდმა „ქართუ“ უსასყიდლოდ გადასცა. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ფერმერებს საშუალება ეძლევათ, რეგიონში გააშენონ და წარმოებაში დააბრუნონ აღდგენილი ენდემური ჯიშები, ასევე დაგეგმილია სანერგე მეურნეობის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ნერგებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მესხური ვაზის ჯიშების პოპულარიზაციას. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) მეშვეობით“,- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



