|
2023-04-01 12:21:36, 1227 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ბუჩის გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში მონაწილეობა მიიღო
პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ გამართულ სამიტზე. ზურაბიშვილმა მიმართვისას ასევე აღნიშნა, რომ სამყარო იმ შემთხვევაში იქნება მშვიდი, როდესაც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე და დათანხმდება ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელიც აღიარებს საკუთარ და მეზობლების საზღვრებს. „პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო საზოგადოებავ, ჩემთვის დიდი პატივია ამ სამიტში მონაწილეობა, რაც იმის მანიშნებელია, რომ არ ვივიწყებთ აგრესიისა და სისასტიკის წინაშე უკრაინის შესანიშნავ სიმტკიცესა და სიმამაცეს. პრეზიდენტო ზელენსკი, ამ დღეს ფიზიკურად მსურდა თქვენ გვერდით ყოფნა, თუმცა პარლამენტში სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მსოფლიო ცივილიზაციისა და ევროპის ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის მსხვერპლთ. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ სისასტიკეს ასახავდა. ეს იყო შემზარავი გაცნობიერება და თითოეული ჩვენგანისთვის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულებების შეხსენება, შეხსენება იმ დანაშაულებებისა, რომლებიც შეიძლება, უკონტროლო სამხედრო ძალამ ჩაიდინოს დაუსჯელობისა და საერთაშორისო წესრიგის შეგრძნების გარეშე – ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის არავითარი განცდით. პატივცემულო საზოგადოებავ, ამ ფოტოებმა შოკში ჩააგდო მსოფლიო და ჩვენც, საქართველოში შეშფოთებულნი და შოკირებულნი ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ჩვენი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული პირდაპირი აგრესია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების პასუხი და მათ მიერ რუსეთის რეჟიმის რეალური არსის გაგება უფრო მტკიცე რომ ყოფილიყო, ყირიმში აგრესიის გამეორება და პირდაპირი ანექსიით საერთაშორისო პრინციპების პირდაპირი დარღვევა, შესაძლოა, თავიდან აცილებული ყოფილიყო. „მაშინ 2022 წლის 24 თებერვალი, შესაძლოა, ერთი, ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეებისათვის. შესაძლოა, ბუჩა არ მომხდარიყო. თუმცა, რეალობა სხვაა – დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. „რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. პატივცემულო საზოგადოებავ, დღეს ეჭვები და ყოყმანი გაქრა, საერთაშორისო საზოგადოებას ესმის, რომ დემოკრატია და თავისუფლება საფრთხის წინაშეა და არჩევანი ცივილიზაციაზეა: დიქტატორულ და საშიშ რუსეთის მმართველობასა (რომელიც კერძო დაქირავებულ პირებს მიმართავს თავისი აგრესიული ომის საწარმოებლად) და ჩვენს საერთო ძალისხმევას შორის თავისუფალი, მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენი ერთობა, ახლა და ყოველდღიურად, აგრესიის, სისასტიკის, უსამართლობის, ადამიანური ცხოვრებისა და საერთაშორისო პრინციპების აშკარა უგულებელყოფის წინააღმდეგ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. პრეზიდენტო ზელენსკი, მადლობას გიხდით გლობალური სამშვიდობო სამიტისათვის, რადგან ჩვენი ჭეშმარიტი, საბოლოო მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა ჩვენი ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და თავისუფლების პატივისცემაა. მხოლოდ ისეთი სამყარო შეიძლება, იყოს მშვიდობის სამყარო, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე და დათანხმდება ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელსაც სხვების მსგავსად აქვს და აღიარებს საკუთარ და მეზობლების საზღვრებს. პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს! სლავა უკრაინი!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ბუჩის გათავისუფლების წლისთავზე უკრაინაში მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერები ჩავიდნენ.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



