|
2022-10-27 11:13:45, 976 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის ნაწილი „ოცნებას“ მიმართავს - თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, ნებისმიერ სატელევიზიო არხზე შევხვდეთ
ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ, პარტია "დროა", "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მმართველ პარტიას "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგს მოჰყვა "სრულიად უპასუხისმგებლო და სასაცილო კომენტარები“, შესაბამისად, ოპოზიცია გამოთქვამს სურვილს, რომ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალის მიხედვით "ქართულ ოცნებას" აუხსნას, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები. "19-21 ოქტომბერს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ასევე ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უშუალოდ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე მუშაობენ, მათ შორის ჩართული არიან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის შედგენა-მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესში. აღნიშნული ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გავაცანით ის განწყობა და მოლოდინები, რომელიც ამ შეხვედრების დროს დაგვხვდა. კერძოდ: - ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში თვლიან, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა ჰქონდა, იმისათვის რომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, ისევე როგორც რიგ შემთხვევებში არ გადადგმულმა ნაბიჯებმა, სტატუსზე უარი და ევროკომისიის მხრიდან მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის გაჩენა განაპირობა; - 2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებაში, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება; - შეფასების მომზადება 2023 წლის თებერვალ-მარტში დაიწყება; მანამდე დაწყების აზრს ვერ ხედავენ რადგან ამ წუთისთვის სახეზე არაა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მოთხოვნათა შესრულების კუთხით; - შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს; - შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური - ანუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს; - ასეთი მაღალი ალბათობის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს დროში დაკვირვებას. ამ პუნქტებთან მიმართებაში „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიგვიანა და პრაქტიკაში დაკვირვების საწარმოებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დეოლიგარქიზაციის პუნქტი არის ერთ-ერთი ასეთი პუნქტი. ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა სრულიად უპასუხისმგებლო და სასაცილო კომენტარები “ქართული ოცნების” საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე, გვიწოდეს „უსაქმურები“, „ქვეყნის მტრები“ და ა.შ. მივმართავთ “ქართულ ოცნებას”, თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენს მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი",- წერია განცხდებაში.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)