2022-09-22 17:21:32, 769 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ტერორისტული აქტის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 სექტემბერს, 11:15 საათზე, სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით იარაღი გაისროლა, რის შემდეგაც შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა. თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე პირმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა ტერორისტული მიზნით მძევლად აიყვანა. მან ხელყუმბარის და იარაღის დემონსტრირებით მუქარა განაგრძო, პარალელურად კი, ბანკის ცენტრალურ კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე და ბანკის თანამშრომლებისგან თანხის გადაცემა მოითხოვა. ბრალდებულმა მძევლები ძალადობის მუქარით, ბანკის სერვისცენტრის ერთ სივრცეში შეკრიბა და მოთხოვა დაკავშირებოდნენ პოლიციას, ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით ჩაერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას ბანკზე თავდასხმის შესახებ შეეტყო. ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი. მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე, სამართალდამცავებმა გაწეული წინააღმდეგობის მიუხედევად, თავდამსხმელი ბანკის სერვისცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ''საქართველოს ბანკზე'' ტერორისტული თავდასხმის დროს მიმდინარე სპეცოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებისთვის, რომელიც წარმატებით და მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|