|
2020-03-24 12:54:50, 1587 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველ არხს შორის თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ. „ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას. „ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ. „ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. პროექტის პირველ ეტაპზე, ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება. პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის გაუწევენ კონსულტაციას. გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება. ტელესკოლის გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე: http://mes.gov.ge/; https://1tv.ge/ და https://stopcov.gov.ge/ პროექტი „ტელესკოლა“, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გრძელვადიანი იქნება და კორონავირუსის საფრთხის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება. ახალი პროექტისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმაც – ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის Youtube და Facebook გვერდები. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად „პირველი არხი – განათლება“ გადაკეთდება, რომელიც სამომავლოდ მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნასა და პროექტის ფარგლებში ჩვენებას უზრუნველყოფს. მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)