|
2019-06-12 19:02:07, 1124 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ორპარტიული მხარდაჭერა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
ამერიკა საქართველოს გვერდით იდგა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე და დღეს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ორპარტიული თანამშრომლობის ჩათვლით, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის მანძილზე, ორმხრივი თანამშრომლობა გეოგრაფიულად და ეკონომიკურად გაღრმავდა და გაფართოვდა. "საქართველოს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონისთვის. ორივე მოვლენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის ახალ სიმაღლეებზე აყვანის კუთხით. ამ და სხვა შეხვედრებზე კარგად გავაცნობიერეთ, რა ვალდებულებების შესრულებას ელიან ჩვენგან ჩვენი პარტნიორები და რამდენად ფასეულია ჩვენი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი სტრატეგიული დახმარება პროგრამის - „ღირსეული პარტნიორი" ფარგლებში გამართული წვრთნებისა და ურთიერთავსებადობის უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობითა და ამერიკელი სამხედროების ხელმძღვანელობით საქართველოში რარდება და მიზნად ისახავს ჩვენს დახმარებას და მრავალეროვნული წვრთნების საშუალებით საქართველოს, აშშ-სა და მონაწილე ერების მზაობის გაძლიერებას. მადლიერებას გამოვხატავთ კონგრესისა და თეთრი სახლისადმი ჩვენი მიმდინარე საჭიროებების აღიარებისთვის, რაც ჩვენი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე მეტ თანამშრომლობაში გამოიხატა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ ეროვნული თავდაცვის აქტზე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და ამერიკელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა. "კონგრესმა აქცენტები გააკეთა რუსეთის უკანონო, სამხედრო ოკუპაციის შედეგად საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაზე. გასულ თვეს, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ერთხმად იქნა მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორპარტიული მხარდაჭერის მქონე საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას ნებისმიერი აგრესიისგან და რუსეთის ავანტიურიზმის დასჯას სანქციებითა და სხვა მნიშვნელოვანი ბერკეტებით. ქართველი ხალხი აშშ-ის მთავრობისადმი უდიდეს მადლობას გამოხატავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერისთვის რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში",- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს, საქართველოს საელჩოსა და "ჰერითიჯის ფონდისა" თანაორგანიზებით იმართება და მასში აშშ-ის პოლიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)