|
2018-11-22 13:42:52, 4281 ნახვა
სამართალი
ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფები სასამართლომ გაამართლა
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და გიორგი გედენიძეები გაამართლა. როგორც "ექსპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, დეპარტამენტმა საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. დეპარტამენტმა ასევე შეისწავლა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოიპოვა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები. "2011 წლის 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპა“-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათელა გედენიძე, რომლებიც მოათავსეს შსს ქ.თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ დ.დ.-მ გადაწყვიტა დაკავებულ ფოტოგრაფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით, მათგან მიეღო წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ. ამ მიზნის განსახორციელებლად დ.დ. 2011 წლის 07 და 08 ივლისს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, არაოფიციალურად, ისე რომ მისი შესვლა არ დაფიქსირებულა რეგისტრაციის ჟურნალში, რამდენიმეჯერ, ცალ-ცალკე შეხვდა დაკავებულ ცოლ-ქმარს ირაკლი და ნათელა გედენიძეებს, რომლებსაც ნათელა გედენიძის პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური ფოტოს გავრცელების მუქარით და შვილების მომავალზე შანტაჟით, იძულებით მიაცემინა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცრუ აღიარებითი ჩვენებები. ასევე, N8 საპყრობილეში, დ.დ., ამავე საპყრობილის დირექტორის ა.მ.-ის დახმარებით, რომელიც სამართალდამცავების და ფოტორეპორტიორების ფარული შეხვედრების ორგანიზებას ახდენდა, რამდენიმეჯერ შეხვდა ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულა მიეცა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენება. მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანმა აღიარებით ჩვენებებზე დაიყოლია ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე, იგი 2011 წლის 15 ივლისს, N8 საპყრობილეში, ღამის საათებში, საპყრობილის დირექტორის დახმარებით, ფარულად შეხვდა გიორგი აბდალაძეს. ბრალდებულთან შეხვედრისას, დ.დ. გიორგი აბდალაძეს ეუბნებოდა, რომ იგი ,,მათ ხელში“ იყო; ,,რაც უნდათ იმას უზამდნენ“. საუბარში უხსენებდა შვილს, რომელიც შეიძლება ავარიაში მოხვედრილიყო. დ.დ.-ს მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო გიორგი აბდალაძემ და იგი დათანხმდა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებით ჩვენების მიცემას, რომლის შინაარსიც დ.დ.-ს მიერ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რასაც ბრალდებული დაიზეპირებდა და მეორე დღეს, მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით იგი აღიარებით ჩვენებას ჩამოაყალიბებდა საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვის დროს, ვიდეო კამერაში. ამ მიზნით, დ.დ., მის თანმხლებ სამართალდამცავებთან ერთად, ბრალდებულის დაკითხვის ოქმში ჯაშუშობის გამოგონილი ისტორიის ასახვის მიზნით, რამოდენიმე საათის განმავლობაში აზეპირებინებდა გიორგი აბდალაძეს წინასწარ შეთხზულ ჩვენებას, რაც ფოტოგრაფს დაკითხვისას მეორე დღეს უნდა დაეფიქსირებინა. ამასთან, ახალი გამოძიებით გამოირიცხა ფოტოგრაფების მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აქედან გამომდინარე, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებები და მტკიცებულებები და მსჯავრდებული ფოტოგრაფები სრულად გაამართლა", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ქალაქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაკეტების მწარმოებელი და ოზონის საწყობები დაბომბა
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)