|
2018-10-15 14:43:07, 1782 ნახვა
სამართალი
მერაბიშვილის ადვოკატები ოთარ ფარცხალაძისა და სოზარ სუბარის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატები, გუშინ გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის, სოზარ სუბარია და სხვა პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ. ამის შესახებ ადვოკატების განცხადებაშია აღნიშნული: „14 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერებით, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსის, მირზა სუბელიანის სიტყვებით დადასტურდა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი ნამდვილად იქნა ფარულად და უკანონოდ გაყვანილი მისი საკნიდან, იმჟამინდელ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად. მირზა სუბელიანის საუბრიდან ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ დანაშაულში ჩართული იყო მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობა განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებითაც, რის გამოც მის მიმართ დადგინდა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილი წარმოადგენს ერთადერთ პოლიტპატიმარს, რომელიც მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოში საქმის 18-ე მუხლით მოგებისა, კვლავაც პატიმრობაში რჩება. მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ივანე მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან. გარდა ამისა, მოვითხოვთ, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც ამ დანაშაულის უშუალო შემსრულებლების, მათ შორის ოთარ ფარცხალაძისა და იმჟამინდელი სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის, ასევე ამ უკანონო ქმედების დამკვეთების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება. ამასთან, ჩანაწერში საუბარია ვანო მერაბიშვილის საქმეზე და ნათქვამია, რომ მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდი ჩაწერილი და დაარქივებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)