08:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 11:45:11, 845 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ხაზგასმულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა

აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა, დაფიქსირებულია ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტი განსაზღვრავს 2019 ფისკალური წლისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებს.

„ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.

კანონის #1248 ქვეთავი, ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება (SENSE OF SENATE ON ENHANCING DETERRENCE AGAINST RUSSIAN AGGRESSION IN EUROPE). ქვეთავში აღნიშნულია, რომ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს და ის ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმებით ნაკისრი ურყევი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, და რაც თავის მხრივ, რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს. აღნიშნული ქვეთავი საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გზავნილებსაც შეიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.

ამასთანავე, კანონი მოუწოდებს ადმინისტრაციას შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების, განსაკუთრებით, რუსული აგრესიისა და საზიანო გავლენის უშუალო სამიზნე ქვეყნების მხარდაჭერას მოიცავს.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატო-ს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

კანონში დაფიქსირებულია ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.

საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობას აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics