|
2018-05-06 10:52:47, 1708 ნახვა
კომენტარი
რაინჰოლდ მესნერი:„კავკასიის მთის ცენტრი", რომელიც სვანეთში აშენდება ჩემი მუზეუმების ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება
„კავკასიის მთის ცენტრი“, რომელიც სვანეთში აშენდება, ჩემი მუზეუმების ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება, – ამის შესახებ მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა, რაინჰოლდ მესნერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ეს მუზეუმი იქნება განსხვავებული იმ ექვსი მუზეუმისგან, რომლებსაც მე ვხელმძღვანელობ ალპებში, თუმცა იქნება ამ ქსელის შემადგენელი ნაწილი და მთელ მსოფლიოს მოუთხრობს ადამიანისა და მთის ურთიერთობების შესახებ“, – აღნიშნა ცნობილმა ალპინისტმა. რაინჰოლდ მესნერის თქმით, ცენტრის მშენებლობა სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება. „თქვენი ბუნება ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში, განსაკუთრებით უშბა – უმნიშვნელოვანესი მთა ალპინიზმის ისტორიაში. კავკასია იყო პირველი მთიანი რეგიონი, სადაც მთამსვლელები ალპებიდან გაემგზავრნენ და კავკასიის მთები ევროპელი მთამსვლელების ყურადღების ცენტრში მოექცა. დღეს კი, ის შეიძლება მოექცეს მსოფლიოს ალპინიზმის ყურადღების ცენტრში, რადგანაც გაუმჯობესებულია ხელმისაწვდომობა, შესაძლებელია გაუკვალავ ფერდობებზე, აგრეთვე, სტანდარტულ სათხილამურო გზებზე დაშვება, სათხილამურო ტურების ჩატარება“, – განაცხადა მესნერმა. ცნობილი ალპინისტის თქმით, საქართველოს მთები იდეალურია ალპინიზმისა და სამთო ტურებისთვის. „ვფიქრობ, კავკასიის მთები მალე არაფრით ჩამოუვარდება ალპებს – მთელი მსოფლიოს მასშტაბით ალპინისტების, სამთო ტურების მოყვარულების ყურადღების მიპყრობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა რაინჰოლდ მესნერმა. სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში, ზურულდზე მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი რაინჰოლდ მესნერი „კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილმა მთამსვლელმა 2017 წლის ივლისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ამჯერად რაინჰოლდ მესნერი სპეციალური ვიზიტით ეწვია სვანეთს და სამშენებლო სამუშაოებისთვის შერჩეული ტერიტორია ცნობილ არქიტექტორ ვერნერ ჩოლთან და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად დაათვალიერა, რის შემდეგაც პროექტის დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად იმსჯელა. რაინჰოლდ მესნერი მსოფლიოში პირველი მთამსვლელია, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატისა და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე დაიპყრო და თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა. მესნერი პირველია, რომელმაც ფეხით გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. იგი ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)