|
2017-05-05 10:37:02, 1718 ნახვა
საზოგადოება
იაპონელი ღვინის მაგისტრი ქართულ ღვინოს იკვლევს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იაპონელ ღვინის პროფესიონალს თან ახლავს იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ჟურნალის (JSA) წარმომადგენელი, ღვინის მწერალი აკიჰიკო იამამოტო, რომელიც 2018 წელს JSA-ში გამოსაქვეყნებლად ქართულ ღვინოზე ვრცელ სტატიას ამზადებს. კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და მისი ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და იაპონელ მომხმარებლისთვის შეთავაზებაა. საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს იაპონელმა სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში, დაათვალიერეს სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა, ეწვიენ ღვინის კომპანიას „შატო მუხრანს". ვიზიტი კახეთში გაგრძელდა და სტუმრებს საერთო ჯამში შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო. კენიჩი ოჰაშიზე ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. „ქართულ ღვინოზე ფანტასტიური შთაბეჭდილება დამრჩა, ჩემთვის ნამდვილად სამარცხვინოა, რომ აქამდე არ ვიცნობდი ქართულ ღვინოს. იაპონელებს მოსწონდათ საქართველოს ისტორია, მაგრამ ღვინოს არ ვიცნობდით. როდესაც აქ ჩამოვედი უამრავი ინფორმაცია მივიღე, მათ შორის საქართველოს ღვინის 8 000-წლიანი ისტორიის შესახებ. საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელია, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს. ასევე საინტერესოა ჯიშების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალია და მინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ იაპონიაში ქართული ღვინის შესახებ, რადგან ეს უძველესი ისტორიული ცოდნაა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალია. მოხარული ვარ აქ ყოფნით, ჩემი აზრით ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს. როგორც იცით, იაპონური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალურ ძეგლს წარმოადგენს და ქვევრში ღვინის დამზადებაც ასევე მსოფლიოს არამატერიალურ ძეგლთა სიაშია, მათი კომბინაცია კი ორმაგ არამატერიალურ მემკვიდრეობას ქმნის. ქართული ღვინოების უმრავლესობა მკვეთრად გამორჩეულია. ქართული ღვინო იაპონურ სამზარეულოს არაჩვეულებრივად ესადაგება, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იაპონურ ბაზარზე ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს" - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ. იაპონელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ღვინის კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი", „გიუაანი", „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", 'შუმი", „თელავის ღვინის მარანი", „თელედა", „შუხმანის ღვინოები", „ვაზიანი კომპანი", „შალაურის ღვინის მარანი", „მარანული", „კახა ჭოტიაშვილის მეღვინეობა", „მეღვინეობა ხარება", ასვე ესტუმრნენ ქვევრის მწარმოებელს ზაზა კბილაშვილს, სადაც ადგილზე გაეცნენ ქვევრის წარმოების ტექნოლოგიას, ქართლში დააგემოვნეს „გოცას ღვინოები". როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, კენიჩი ოჰაში წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიას „Red Bridge", რომელიც 2017 წელს ახორციელებს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში.
(NS)
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)