|
2016-10-05 16:31:25, 588 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: 8 ოქტომბერი საქართველოს სტაბილურობისა და სუვერენიტეტისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ვაზიანში სტუდენტებს შეხვდა და კამპანია „შენი ხმა ჩვენი მომავალია" შეაჯამა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილმა სხვადასხვა სასწავლებლის 300-მდე სტუდენტისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. მათივე ცნობით, მარგველაშვილმა არჩევნების მნიშვნელობაზე, საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერების ხედვების ერთიანობის აუცილებლობაზე და ამომრჩეველთა აქტივობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღეს არის დასკვნითი შეხვედრა იმ მნიშვნელოვანი კამპანიისა, რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა, რომელშიც ჩაერთო ასობით ახალგაზრდა და რომლის ფარგლებშიც ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს მივაწვდინეთ ხმა. კამპანიის არსი და შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში, რომ ჩვენ ყველამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში - არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ჩვენ ყველა მტკიცედ ვიტყვით, რომ 8 ოქტომბერი იქნება მომავალი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით", - განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლიან პერიოდში, საზოგადოების წინაშე მდგარ ამოცანებზე და ქვეყნის განვითარების მიმართულებებზე ისაუბრა. „25 წლის წინ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და იმ მომენტიდან დაიწყო მუშაობა ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის და თავისუფლების მისაღწევად. ამ 25 წლის მანძილზე ჩვენ ბევრი გამარჯვება გვქონდა, მაგრამ ამავე დროს გვქონდა ძალიან სერიოზული დარტყმები. დარტყმები, რომლებიც ჩვენ, როგორც საზოგადოებამ გადავიტანეთ და დღესაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული, ქართული საზოგადოება აჩვენებს, რომ ეს არის ერთერთი ყველაზე ძლიერი და პროგრესულად განვითარებადი ქვეყანა და ერთგულნი ვართ იმ ღირებულებებისადმი, რომელიც 25 წლის წინ დავისახეთ - რასაც ჰქვია ევროულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. ყველაზე მძიმე, რაც ჩვენ განვიცადეთ ეს არის ის ომები, რომელმაც დაგვაზარალა ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ის გახლეჩილი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც დგას მეზობელი, ძალიან ძლიერი ბირთვული სახელმწიფოს ჯარები. ეს არ იყო ომები მარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში სამხრეთ ოსეთში, არამედ ეს იყო ომი, რომელიც მიმდინარეობდა მთელ ტერიტორიაზე, ომი რომელიც მიმდინარეობდა თბილისში, ომი რომელიც გამოიხატებოდა ერთმანეთის გაწირვაში. ეს სირთულეები ჩვენ გადავლახეთ, დღეს ჩამოყალიბდა და ყალიბდება ძალიან სწორი ხედვა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მე მიხარია, რომ არა ერთი ახალგაზრდა თავისი პატრიოტული მოტივაციით თავის თავს სწორედ ამ მიმართულებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით ხედავს. იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ამ ღირებულების ირგვლივ. ჩვენ უნდა გვქონდეს ყველას ერთიანი ხედვა იმისა, როგორ, რა საშუალებით, რა გზით ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და როგორ ვიბრუნებთ იმას, რისი წართმევაც არის ისტორიული უსამართლობა, საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დარღვევა და სამხედრო თვალსაზრისითაც კი აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში ვერავინ გახდა მოგებული, არიან მხოლოდ წაგებული მხარეები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
CNN: დიმიტრიევმა ნიუ-იორკში ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებები გამართა
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
კობახიძე - - მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)