|
2016-08-12 16:38:21, 1040 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა საწინააღმდეგო კანონპროექტის ინიციატივით გამოდის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა საწინააღმდეგო კანონპროექტის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება მას სახელმწიფო, უსუფაშვილის ინიციატივაა, დაემატოს ფრაზა: „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში. დავით უსუფაშვილმა ინიციატივის მომზადების მიზეზი განმარტა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 15 აგვისტოს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველოს მოქალაქეების განაცხადი განიხილება, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩაწერას ითვალისწინებს. „საქართველოს პარლამენტში ორშაბათს, 3 საათზე გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა და ბიუროს სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება საქართველოს პარლამენტში შემოსული განაცხადი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აპირებენ შეაგროვონ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები და მოითხოვონ საქართველოს კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩაწერა - ანუ კონსტიტუციურად აუკრძალონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ ინიციატივის ავტორები არიან საქართველოს მოქალაქეები - ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და სხვები. და მე მინდა მოგახსენოთ, რომ პარლამენტი არც ერთი წუთით არ შეაყოვნებს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც ამ დროს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა. მათ ექნებათ საშუალება მათი წინადადება განიხილონ ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. მაგრამ, მინდა განვაცხადო, რომ ასეთი თემებით ასე სპეკულირება და საარჩევნო ქულების დასაწერად ქცევა ყველაფრის, მათ შორის, საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი ინტერესების - არის დაუშვებელი და მიუღებელი და მე, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ ვიქნები ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა საწინააღმდეგო კანონპროექტი ადეკვატური პასუხი და ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის გამოხატულება იქნება. დავით უსუფაშვილმა ყველას შეახსენა, რომ პარლამენტში გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ფრაქციებმა ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ საერთო დეკლარაციას მოაწერეს ხელი და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი რწმენა გამოხატა, მოუწოდა, მის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ხელმოწერით შეუერთდეს. „მინდა ვუთხრა ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც ერთი თვის წინ განვაცხადეთ ჩვენი ურყევი რწმენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის, შემოუერთდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც მე თქვენთან ერთად, თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს და იქნება გახსნილი საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე შევაგროვებთ 76 ხელმოწერას, მინიმუმს, დავაფიქსირებთ ამ ინიციატივას პარლამენტში და უკვე მომავალი პარლამენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და არა იმას, რომელიც შესაძლოა იქნეს წარმოდგენილი აი ამ ინიციატივით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ვადებთან და პროცედურებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ნაწილი გათვალისწინებული იქნება ამ მოწვევის პარლამენტის მიერ, ხოლო ნაწილი ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ და ვადებიც დაცული იქნება. „საქართველოს პარლამენტი არის უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი მანამ, სანამ სხვა პარლამენტი შეიკრიბება - ახალი მოწვევის. ამ პარლამენტში დარეგისტრირებული ნებისმიერი კანონპროექტი ეს არის ავტომატურად მომავალი პარლამენტის განსახილველი. ამიტომ, ის პროცედურები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობაში იქნება დაცული, ნაწილი ამ პარლამენტის მიერ, ნაწილი მომავალი პარლამენტის მიერ, მაგრამ პარლამენტების ცვლილება და შემადგენლობის ცვლილება პარლამენტში არ უნდა იწვევდეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებში ცვლილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებზეც მე მოგახსენეთ, ვინც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ერთი თვის წინ დაუჭირა ერთსულოვნად მხარი, ამ პარლამენტშიც და მომავალ პარლამენტშიც ვიქნებით საკონსტიტუციო უმრავლესობაში და მსგავსი ცვლილების მიღება არ გაგვიჭირდება. რაც შეეხება ვადებს, რა თქმა უნდა ნებისმიერი ცვლილებისას ეს ვადები უნდა იქნას დაცული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)