|
2016-06-28 14:08:45, 545 ნახვა
პოლიტიკა
ათენში ინგლისურენოვანი კრებულის - Georgia’s European Ways - პრეზენტაცია გაიმართა
ათენში, ევროკომისიის საბერძნეთის წარმომადგენლობის საკონფერენციო დარბაზში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი კრებულის „Georgia’s European Ways“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებას ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. მიწვეულ სტუმრებს კრებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა წარუდგინა. დავით ბაქრაძემ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და მიზნების შესახებ ისაუბრა. ქართულ-ევროპულ კულტურულ იდენტობასა და ისტორიულ პარალელებზე გაამახვილა ყურადღება წიგნის რედაქტორმა, მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ. „უმბერტო ეკოს ერთხელ ჰკითხეს-რომელია მთავარი ევროპული ენა? და მან უპასუხა-თარგმანი. სწორედაც ასეა-ისტორიულად ევროპაში თავს იყრიდა აბსოლუტურად განსხვავებული კულტურები, ჰიბრიდულობა იყო მუდმივად ევროპის ჭეშმარიტი ბუნება და ისტორიული მისია. ამ წიგნის გამოცემით ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ამ მისიას“, - აღნიშნა პრეზენტაციის დასასრულს მწერალმა. დავით ბაქრაძემ და ზურაბ ქარუმიძემ მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხეს. ღონისძიება საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. „საქართველო ყველა ინსტიტუტის დონეზე, იქნება ეს მთავრობა, თუ პარლამენტი, მუდმივად გრძნობს საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვისა და საგარეო საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინოს დუზინასთან შეხვედრის დროს. შეხვედრა ათენში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში 27 ივნისს გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფაგლებში მიმდინარე რეფორმებსა და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებულ პროგრესს. კონსტანტინოს დუზინამ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაო და დაადასტურა საბერძნეთის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, დავით ბაქრაძე ათენში საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ათენში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, სხვადახვა სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის ეკონომიკური, თუ სოციალური განვითარების პესპექტივებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
NS
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)