|
2016-06-09 10:00:02, 564 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ. ქვეყნის პირველმა პირმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის გაზიარებისათვის. „მსურს თითოეულ აქ დამსწრე სტუმარს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი დღის ჩვენთან ერთად აღნიშვნისათვის, მათ ვინც ეს დღე 26 მაისს ჩვენთან ერთად აღნიშნა. ეს დღე ევროპის ბევრ დედაქალაქსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საქართველოს დროშის ფერებით აღინიშნა. ჩემთვის პატივია დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე აქ, ევროკავშირისა და ნატო-ს დედაქალაქში და ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს თქვენთან ერთად ვზეიმობდე. 25 წლის წინ ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები, ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, რაც ნიშნავდა დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისაგან. ამ თარიღიდან მოყოლებული ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა თავისუფლებისათვის და ეს ნიშნავს ემსახურო იმ მიზნებსა და ღირებულებებს, რომლებისაც გჯერა. საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, მე ეს წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან ღრმად მწამს, რომ ევროპული სახელმწიფოებრიობა არის ის, რასაც საქართველო მიეკუთვნება და ეს არის ის ფორმა, რომელშიც საქართველო იქნება თავისუფალი. მე ვეკუთვნი იმ კულტურას და ხალხს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ინდივიდუალურ არჩევანს და პატივს სცემს სხვა ხალხების ინდივიდუალურ არჩევანსაც. მჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოს შენება არის ჩემი ხალხის ის მიზანი, რომელიც სამი ათას წელს ითვლის და შესანიშნავად შეეფერება მათ არჩევანს. ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება ევროპული ოჯახის მიმართ და არაერთგზის ვახორციელებთ ამ ვალდებულებას, იქნება ეს პოლიტიკური, საომარი მოქმედებების, ქართველების სამხედრო მსახურებითა თუ საქართველოს შიგნით იმ ღირებულებების გაზიარებით, რომლებიც ჩვენ ყველას გაგვაჩნია. ჩემი ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში ემსახურება ზუსტად ამ ვალდებულებებისა და ჩვენი სტრატეგიული გზის კვლავ დადასტურებას, ასევე ახალი პარტნიორებისა და მეგობრების შეძენას. დღეს ჩვენ გვაქვს დღესასწაული, რომელსაც ვიზიარებთ საერთო ღირებულების მქონე ჩვენს მეგობრებთან. ნება მიბოძეთ მტკიცედ განვაცხადო, რომ რაც არ უნდა რთული იყოს ეს გზა საქართველოსთვის, ჩვენ ძალიან ძლიერები ვიქნებით ამ გზაზე და ჩვენ ამას დავამტკიცებთ. კიდევ ერთხელ, მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად აღვნიშნავ ამ თარიღს. ღმერთმა დალოცოს საქართველო",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა სპეციალურად მოწვეული კვარტეტი აფორმებდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ბელგიის სამეფოსა და ევროპის სხვადსხვა ქვეყნებში მცხოვრები თუ მოღვაწე ქართველები.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)