|
2026-11-03 15:23:31, 301 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ კონკრეტული საფუძვლებით მოხდება - კანონპროექტი
ქართულ ოცნებას საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომლის თანახმადაც იცვლება არჩევნების შედეგების შეჯამებისა და ოქმის გასაჩივრების წესი, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებები და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის წესი. კანონპროექტი ითვალისწინებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასასაჩივრებლად კონკრეტული პირობების და მოთხოვნების დაწესებას, რომლის გარეშეც სარჩელს სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს. კანონს ემატება ახალი მუხლი, სადაც აღნიშნულია განმარტებული, კერძოდ: "ოქმის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული ის მონაცემები, რომლებიც ცესკოს შემაჯამებელ ოქმში შეიტანება. ასევე არ არის ან არასრულად ან შეცდომით არის ასახული, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით, სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგები. ამ პუნქტის მოთხოვნების დარღვევით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღება. სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ ამ პუნქტში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით და შესაბამისი დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, უფლებამოსილია დაავალოს ცესკოს, მისივე შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი მონაცემების გასწორება" - წერია კანონპროექტში. გარდა ამისა ცვლილებების მიხედვით კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქებში აღარ შეჯამდება, ცესკო შედეგებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შედგენილი ოქმების მიხედვით შეაჯამებს. "საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებში მითითებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემისწარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს არჩევნების, თვითმმართველის ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის შედეგების კომპიუტერულ დამუშავებასა და დაუყოვნებლივ განთავსებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებასაც" - წერია კანონპროექტში. ინიცირებული ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს შესაძლებლობა ექნება ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 7 დღის ვადაში გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიების დალუქული კანონპროექტი ასევე ითვალისიწნებს ცვლილებებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობის წესშიც, კერძოდ, ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება ცესკოში. ამასთანავე, ცესკო თავმჯდომარეს ექნება უფლებამოსილება რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. ასევე, რეგისტრაციაზე უარის თქმის განკარგულებას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს. ცვლილებების თანახმად, ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა. რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ცვლილების თანახმად, მათ ვალდებულება ექნებათ ცესკოში საჯარო რეესტრის ამონაწერი წარადგინონ. "რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და უნდა წარუდგინოს მას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება (დასახელებები), სადაც ეს ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს. რეგისტრაციის ბოლო დღეს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარედგინოს აგრეთვე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების სია" - წერია კანონპროექტში. კანონპროექტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებული იქნება ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, "ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს და ამავდროულად თუ მას აქვს განსხვავებული აზრი, უფლებამოსილია იგი მიუთითოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს". ცვლილებები ასევე ეხება მედიასაც, კერძოდ, "პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას, რეკლამა ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ თვალნათლივ ჩანდეს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება, რიგითი ნომერი ან/და სიმბოლიკა, ხოლო მისი დასრულებისას, არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში ნაჩვენები უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და რიგითი ნომერი. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი არ განათავსებს შესაბამის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას".
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)