13:29 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-15 12:37:55, 220 ნახვა

ეკონომიკა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში

პარლამენტში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. დაჩქარებული წესით ცვლილებები 5 კანონში უნდა შევიდეს. ცვლილებებით, ხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს, ამასთან, დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე ჯარიმები მცირდება.

დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პაატა კვიჟინაძემ ისაუბრა, რომელიც ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია.

მისი განმარტებით, ჯარიმების ჩამოწერის წინაპირობა შესაბამისი საპენსიო შენატანების განხორციელებაა. მან ასევე განმარტა, რომ დაჯარიმებული ბიზნესების შეტყობინების სისტემა უმჯობესდება.

"2018 წელში მივიღეთ ეს [„დაგროვებითი პენსიის შესახებ“] კანონი. ყველას ახსოვს, რამხელა გამოხმაურება ჰქონდა, მე პირადად აქტიურად ვიყავი ჩართული და გამოვდიოდი კიდევაც დასაცავად. ჩვენდა გასახარად, იმაზე მეტი ხალხი დარჩა სისტემაში, ვიდრე ველოდით - დაგვიჯერა მოსახლეობამ. მაგრამ ერთი მომენტი მოხდა შემდეგ, რომ კონტროლის მექანიზმი არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა და აღმოჩნდა წლების შემდეგ, რომ ათასობით მეწარმემ ასობით მილიონი ლარი არ გადაურიცხა თავის თანამშრომლებს. ანუ, აქ არ არის ბიუჯეტის ფულზე საუბარი, საუბარი არის მხოლოდ თავიანთი თანამშრომლების საპენსიო შენატანზე. ამიტომ, წინა პარლამენტში ეკონომიკის სამინისტრომ შემოიტანა კანონპროექტი, რომ კონტროლი უკეთესი ყოფილიყო, მიება საპენსიო დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადს. ეს როგორ გამოიყურება: მეწარმე თავისი კოდით შედის შემოსავლების სამსახურის პლატფორმაზე, თავის კაბინეტში, ხვდება ფორმა, რაც უნდა შეავსოს და როდესაც ჩაწერს იქ, რომ, პირობითად, სახელი და გვარი და ხელფასი 1,000 ლარი, თვითონ კი არ ანგარიშობს - სისტემა უგდებს, რამდენი უნდა გადაიხადოს, პირველ რიგში, საპენსიო და რამდენი უნდა გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი. ამიტომ, ვინც ამბობს, რომ „არ ვიცოდი, საერთოდ არ იყო გადასახადიო“, ეს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ამის შემდეგ ეს იგზავნებოდა შემოსავლების სამსახურს. 15 რიცხვი როგორც წესი, ბოლო დღეა, თუ მანამდე შეავსებდა, 15-მდე შეეძლო შეესწორებინა. 15-ში, როდესაც გაიგზავნებოდა, თუ არასწორად არის შევსებული, დაკლებულია თანხა ან არ არის საერთოდ ჩარიცხული, მეორე დღეს ჯარიმდებოდა. პრინციპში, ლოგიკა იმაში იყო, რომ ვერავინ იტყოდა, რომ „დაანგარიშებაში შემეშალაო“, იმიტომ რომ თვითონ სისტემა გიწერდა. შემდეგ ეს ჯარიმა მოდიოდა საპენსიო პლატფორმაზე, კაბინეტში, რომ ხარ დაჯარიმებული. არ ნახულობდნენ ამას და მეორედ შევსების დროს ისევ ჯარიმდებოდნენ უკვე 1,000 ლარით, კიდევ და კიდევ. ერთის მხრივ, მექანიზმი გამართული იყო, თუმცა, მეორეს მხრივ, კეთილსინდისიერი გადამხდელებისათვის უბრალოდ შეცდომა შეიძლება ჯარიმაში გადასულიყო. თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ ყველას არ ჰყავს ბუღალტრები და ა.შ., არიან ხალხი, ვინც თვითონ ავსებს, ორი კაცია და ა.შ. ამიტომ ვითვალისწინებთ ამას ყველაფერს და, ერთის მხრივ, შეტყობინების სისტემას ვაუმჯობესებთ და შემოგვაქვს ამნისტიის კომპონენტიც.

პირველი დაჯარიმება იყო 500 ლარი, ჩამოდის 300 ლარზე. მეორე და ყველა დაჯარიმება იყო 1,000 ლარი და ესეც ჩამოდის 300 ლარზე. თუმცა, მეეჭვება, რომ მეორედ ვინმე დაჯარიმდეს, იმიტომ რომ ახლა აუცილებლად ეცოდინება, რომ დაჯარიმებულია პირველად და მეორედ აღარ დაჯარიმდება, დიდი ალბათობით.

შემოდის დავების საბჭო. ეს პირდაპირი ანალოგი არ არის ფინანსთა სამინისტროსი, მაგრამ დაახლოებით იგივე ფუნქცია ექნება, რომ რაც დავა წარმოიშობა სააგენტოსა და მეწარმეებს შორის, ეს განიხილოს.

თუ მაინც დაჯარიმდა მეწარმე, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, შეიძლება მას გაუდაუნაწილდეს 18 თვეზე ეს თანხა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ აქამდე, 15 რიცხვში თუ შეცდომა დაუშვა ან არ გადაიხადა, 16-ში უკვე დაჯარიმებული იყო, ახლა 16-ში დაჯარიმებული იქნება, მაგრამ მოვა შეტყობინება - როგორც შემოსავლების სამსახურის პლატფორმაზე, ასევე საპენსიო პლატფორმაზე და ასევე მოვა SMS და სხვა ტექნიკური საშუალებებით შეტყობინება. ამ შეტყობინებებს როცა ნახავს, 10 სამუშაო დღის ვადაში შეუძლია ეს გამოასწოროს. თუ ამ პერიოდში არ გადაიხადა, მაშინ დაჯარიმდება თავისთავად. ღიად გავრცელდება ეს, რომ დაჯარიმებულია, რომ იცოდეს, რომ მეორედ არ დაჯარიმდეს და შემდეგ ეძლევა საშუალება კიდევ, რომ გასაჩივროს ეს დავების საბჭოში და ამ შემთხვევაში ეს ჯარიმა შეჩერდება, სანამ დავების საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამნისტია შეეხება 13,500 მეწარმეს, დაახლოებით 43 მილიონ ლარს, ვისაც გადახდილი არ აქვს ეს ჯარიმა მხოლოდ ერთი პირობით - თუ მან გადაუხადა თავის თანამშრომელს ის, რისთვისაც დაჯარიმდა. ანუ, საპენსიო შენატანი თუ გადაუხადა, ჯარიმას ჩამოვაწერთ. ეს თუ გაკეთებული აქვს, ავტომატურად ჩამოეწერება; თუ ეს გაკეთებული არ აქვს, 1 იანვრამდე ვაძლევთ საშუალებას, რომ გააკეთოს",- განმარტა დეპუტატმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics