16:22 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-06 15:03:11, 259 ნახვა

ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა

მითების დეტექტორის ცნობით, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია მასზე თავდასხმამდე დაიწყო და თავდასხმის შემდეგ ძალადობის გამართლებისა და ბრალდებულის მხარდაჭერის მიმართულებით გაგრძელდა. მათი თქმით, კამპანიაში ჩართული იყვნენ პროსახელისუფლებო მედია, პოლიტიკური აქტორები, ექსპერტები, ანტიოპოზიციური გვერდები და ყალბი ანგარიშები, კამპანიის ნაწილი კი დაფინანსებული პოსტებით გავრცელდა.

"მთავარი მიგნებები

  1. დისკრედიტაცია თავდასხმამდე დაიწყო. პროსახელისუფლებო მედიები და ფეისბუკ-გვერდები კონტექსტიდან ამოღებული ძველი ვიდეოებითა და განცხადებებით ოქრიაშვილს ეროვნული, კულტურული და რელიგიური ღირებულებების შეურაცხმყოფელ პირად წარმოაჩენდნენ.
  2. თავდასხმის შემდეგ ძალადობა "ეროვნული ღირსების დაცვად" შეიფუთა. გავრცელებული პოსტები, საინფორმაციო ბარათები და საჯარო პირების, მათ შორის, პოლიტიკოსების განცხადებები ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემსუბუქებასა და მისი ქმედების მორალურ გამართლებას ემსახურებოდა.
  3. კამპანია ახალი დისკრედიტაციის მასალებით გაგრძელდა. თავდასხმის შემდეგ კვლავ გავრცელდა ოქრიაშვილის ძველი ვიდეოფრაგმენტები, მათ შორის რელიგიურ თემებთან დაკავშირებული ჩანაწერები, რის შედეგადაც ყურადღება ძალადობის ფაქტიდან დაზარალებულის გამონათქვამებზე გადავიდა.
  4. დისკრედიტაციის კამპანიაში კოორდინირებული და ყალბი ანგარიშების ჩართულობის ნიშნებიც გამოიკვეთა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ყალბი ანგარიშები ავრცელებდნენ იდენტურ ან მსგავს გზავნილებს, მხარს უჭერდნენ როგორც თავდამსხმელს, ისე გიორგი ქართველიშვილის ინიციატივას და ზოგ შემთხვევაში სხვა ადამიანების ფოტოებსა და სახელებს იყენებდნენ. ასეთი ანგარიშების ნაწილი სახელისუფლებო მედიების პოსტებზე კომენტარებს ტოვებდა, ზოგჯერ იდენტური ტექსტითა და შეცდომებით.
  5. ტროლი სახელისუფლებო მედიამ რეალურ წყაროდ აქცია და მისი შეფასებები კოორდინირებულად გაავრცელა. ადრე გამოვლენილ ტროლს კი სახელისფულებო სარედაქციო პოლიტიკის მედია, როგორც რეალური ადამიანის მოსაზრებას, ისე ციტირებდა. ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ და მასზე მოძალადის გასამართლებლად სახელისუფლებო ტროლის ფეისბუქ პოსტი კოორდინირებულად ვებსა და ფეისბუქზე 13-მა სახელისფლებო სარედაქციო პოლიტიკის ონლაინ გამოცემამ და ორმა სახელისუფლებო ტელევიზიის ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.
  6. დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი დაფინანსებული იყო. დაფინანსებულ პოსტებში ოქრიაშვილი და მისი მხარდამჭერები "ანტიქართულ" ძალებად იყვნენ წარმოდგენილი, ხოლო თავდამსხმელის განცხადებები ძალადობის გამართლების კონტექსტში ვრცელდებოდა.

კამპანიაში ჩართული აქტორები

  • "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები: დიმიტრი სამხარაძე, ცოტნე ანანიძე, ირაკლი ზარქუა, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან კოჭლოშვილი; 
  • პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედია:  TV Imedi, Rustavi2, POSTV- ანალიტიკა, რადიო სივრცე FM 98.5 Radio Sivrce; მედიაჰოლდინგი "კვირა"; ongo; Newshub.ge – ნიუსჰაბი; რეპორტიორი, მხარე, ლიდერი, აი უცნობი; მედიაჰოლდინგი კვირა;  საინფორმაციო სააგენტო INFO9; primetime, infopostalioni, xnews; nsp.ge; საერთო გაზეთი.
  • პროსახელისუფლებო ექსპერტები და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები: გია აბაშიძე, ნიკოლოზ მეტრეველი, ლადო სადღობელაშვილი, დავით ჩიხელიძე, ედიშერ გვენეტაძე, დავით ქართველიშვილი; შაკო ჩაჩანიძე, Beqa Chkhaidze, ლეილა ცინცაძე-მელიქიძე, ირაკლი ჯანყარაშვილი
  • ანტიოპოზიციური და სხვადასხვა პროფილის სახელისუფლებო ფეისბუკ-გვერდები: პოლიტიკანი, აკაცუკეთი, განულებული ოპოზიცია; Gogaggg; მსოფლიოს  საინტერესო ამბები; უსტარი, ახლა • Akhla.

ძალადობის გამართლების კამპანია

22 ივლისს ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და პროსახელისუფლებო მედიის ნაწილში გავრცელდა გზავნილები, რომლებიც თავდასხმის მიზეზად მის მიერ ნოდარ დუმბაძეზე გაკეთებულ ხუმრობას ასახელებდა. აღნიშნული გზავნილი განსაკუთრებით გააქტიურდა 23 ივლისს, მას შემდეგ, რაც თავდასხმაში ბრალდებული ნიკოლოზ ხურცილავა პოლიციაში გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

24 ივლისიდან გავრცელებულ პოსტებსა და საინფორმაციო ბარათებში იკვეთებოდა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მცდელობა. რამდენიმე გვერდმა და ანგარიშმა ნიკოლოზ ხურცილავა წარმოაჩინა როგორც პირი, რომელმაც "ეროვნული ღირსება დაიცვა", ხოლო თავდასხმა - როგორც ეროვნული და კულტურული ღირებულებების დაცვის მიზნით გამოწვეული ემოციური რეაქცია და არა ძალადობრივი ქმედება.

იდენტური საინფორმაციო ბარათები, ნოდარ დუმბაძისა და ონისე ოქრიაშვილის ფოტოებით და ტექსტით "ვინც დუმბაძეს იცავს, ციხეში არ უნდა იჯდეს! გააზიარე თუ ეთანხმები" გაავრცელეს: 

ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდამ (ნიკოლოზ ხურცილავამ) "ქართველების ეროვნული ღირსება დაიცვა", სასჯელს არ იმსახურებდა და მისი დაკავება "პატრიოტული სულისკვეთების მქონე ადამიანის დასჯა" იყო. იდენტური შინაარსის, თუმცა სხვა ვიზუალლის მქონე საინფორმაციო ბარათი ამავე დღეს საინფორმაციო სააგენტომ რეპორტიორი და  ფეისბუკ-გვერდმა განულებული ოპოზიცია გაავრცელეს.

ძალადობის გამამართლებელი გზავნილები პოლიტიკური აქტორებისა და ექსპერტების მხრიდან 

თავდასხმაზე რეაგირებისას მმართველი გუნდის წარმომადგენლების ნაწილმა ყურადღება არა ძალადობის ფაქტზე, არამედ ონისე ოქრიაშვილის ნათქვამი ხუმრობის მიზანშეწონილობაზე გაამახვილა. 

ამავე დღეს თავდასხმას გამოეხმაურნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც. მათი განცხადებების ძირითადი გზავნილი ბრალდებულის მხარდაჭერა და მისი ქმედების მორალური გამართლება იყო: 

  • ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება არა ძალადობაზე, არამედ იმაზე გაამახვილა, რომ საქართველოში ღვაწლმოსილი ადამიანის შეუარცხყოფის დაშვება შეუძლებელი იყო და ამას გაგებით ვერ მოეკიდებოდნენ: "რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღირსეული, ღვაწლმოსილი, ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!" 
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ყურადღება გაამახვილა ონისე ოქრიაშვილის სხვა განცხადებებზე, მათ შორის წმინდა იონა წინასწარმეტყველის მიმართ გამოთქმულ კომენტარზე, და აღნიშნა, რომ ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ ქილიკი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყო, რაც "გარე და შიდა შეტევების" ერთიანობას წარმოადგენდა. 
  • პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან დიმიტრი სამხარაძემ განაცხადა, რომ მზად იყო ნიკო ხურცილავას თავდებში დასდგომოდა, რათა იგი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო.  
  • "ქართული ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ კი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეკლესიაზე, პატრიარქზე ან მწერლებზე ხუმრობის შემთხვევაში, ძალადობისგან დაცვის ინსტიტუციონალური პასუხისმგებლობა სათუო ხდებოდა: "ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე და არ აგინო, არ ლანძღო, შემდეგ პოლიცია ყველგან ვერ დაგიცავს, რადგან საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება. ცუდია, ვგმობ, არ არის სწორი ცემა-ტყეპა, მაგრამ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ არ შეიძლება, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენო." 
  • პროქსი სახელისუფლებო პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლის ლევან კოჭლოშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, იგი ბრალდებულის მორალურ განსჯას არ ეთანხმებოდა. 

23 ივლისს ონისე ოქრიაშვილის საქმეს გამოეხმაურნენ პროსახელისუფლებო ექსპერტებიც, რომლებმაც თავდასხმა არა როგორც ძალადობის ფაქტი, არამედ "ეროვნული ღირებულებების დაცვის" საქმედ წარმოაჩინეს. დავით ქართველიშვილმა ონისე ოქრიაშვილის შემთხვევა ნოდარ დუმბაძის მიმართ საზოგადოების პროვოცირების მცდელობად შეაფასა და განაცხადა, რომ მსგავსი კამპანიები მიზნად ისახავს ეროვნული მნიშვნელობის ფიგურების დისკრედიტაციას. ედიშერ გვენეტაძემ კი განაცხადა, რომ სამართალდამცავების მხრიდან ბრალდებულების დაკავება "სამარცხვინო ფაქტი" იქნებოდა და თავდამსხმელები წარმოაჩინა როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების დაცვის გამო მოქმედი პირები. დავით ჩიხელიძემ თავდასხმა "ღირებულებებზე თავდასხმის" წინააღმდეგ მიმართულ პასუხად წარმოაჩინა. 

დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელება თავდასხმის შემდეგ

ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებული ეპიზოდის გარდა, კომიკოსის საჯარო გამოსვლებიდან სახელისუფლებო მედიამ და ფეისბუქ ანგარიშებმა კიდევ რამდენიმე ეპიზოდი გახადეს სადაოდ და მის წინააღმდეგ კამპანიურად გაავრცელეს: ერთი ეხებოდა წინასწარმეტყველ იონას, მეორე მზესუმზირის გამყიდველ ბებოებს.

24 ივლისს, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის შემდეგ, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა (TV Imedi Rustavi2 POSTV- ანალიტიკა) ასევე ფეისბუკ-გვერდებმა Gogaggg და "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა  ირაკლი ჯანყარაშვილი გაავრცელეს ონისე ოქრიაშვილის კიდევ ერთი ვიდეოფრაგმენტი, რომელშიც, მათი მტკიცებით, კომიკოსი წმინდა წინასწარმეტყველ იონას შეურაცხყოფდა. ვიდეოებს თან ახლდა შემდეგი წარწერები: "ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ონისე ოქრიაშვილი წმინდა წინასწარმეტყველ იონას შეურაცხყოფს" და "იუმორისტ' ონისე ოქრიაშვილის კიდევ ერთი ‘ხუმრობა' ამჯერად წმინდა იონას შესახებ." 

მანამდე, 20 ივლისს, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმამდე ორი დღით ადრე, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა გზავნილი, რომ კომიკოსი "მზესუმზირის გამყიდველ ბებოებს დასცინოდა." ვიდეო შემდეგმა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა და გვერდებმა გაავრცელეს: საინფორმაციო სააგენტო INFO9; Newshub.ge – ნიუსჰაბი, Gogaggg, Exclusive Media.

19 ივლისს კი პროსახელისუფლებო სარედაქციო მედიასაშუალებების ნაწილი (უსტარი; რეპორტიორი; რადიო სივრცე FM 98.5 Radio Sivrce; მედიაჰოლდინგი “კვირა”; ongo ) აქტიურად ავრცელებდა ონისე ოქრიაშვილის კომენტარს ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით. პოსტების ნაწილი ფოკუსირებული იყო მხოლოდ მის სადავო ფრაზაზე და ქმნიდა კონტექსტს, სადაც ოქრიაშვილი წარმოდგენილი იყო როგორც ნოდარ დუმბაძის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების მქონე პირი. 

ყალბი ანგარიშები და კოორდინირებული გავრცელება 

კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ყალბი ანგარიშები ჩართული იყვნენ როგორც თავდასხმის შემდეგ ბრალდებულის, ასევე მოგვიანებით MMA-ს მებრძოლის გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული მოძრაობის მხარდაჭერის კამპანიაში. 

კოორდინირებული კამპანიის ფარგლებში არაავთენტური ანგარიშების ქცევის რამდენიმე მახასიიათებელი გამოვლინდა:

  1. ტროლი, რომელსაც სახელისუფლებო მედია წყაროდ აქცევს და ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის პროცესში სხვადასხვა სახელითა და ფოტოთი ადრეც იყო ჩართული.
  2. ტროლი, რომელიც სახელისუფლებო მედიის პოსტებზე იდენტური შინაარსის კომენტარებს ტოვებს,
  3. ყალბი ანგარიშები, რომლებიც სახელისუფლებო მედიების პოსტებს იწონებენ და მათზე აკომენტარებენ.

1.1. ტროლი, რომელსაც სახელისუფლებო მედია წყაროდ აქცევს

23 ივლისს, მას შემდეგ, რაც ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი პოლიციაში გამოცხადდა, "მითების დეტექტორის" მიერ წარსულში გამოვლენილმა ყალბმა ანგარიშმა ქეთევან მიქიაშვილმა, რომელსაც სახელისუფლებო მედია ხშირად როგორც რეალურ ადამიანს ციტირებს, ძალადობაში ბრალდებული პირს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლება გააფრთხილა, რომ არ გაებედათ იმ ადამიანის დაპატიმრება, ვინც "საქართველოსთვის უძვირფასესის შეურაცხყოფის გამო პასუხს ითხოვდა."

აღსანიშნავია, რომ ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ და მასზე მოძალადის გასამართლებლად სახელისუფლებო ტროლის ეს ფეისბუქ პოსტი კოორდინირებულად ვებგვერდებსა და ფეისბუქზე 13-მა სახელისფლებო სარედაქციო პოლიტიკის ონლაინ გამოცემამ გაავრცლა; მანამდე კი ორმა სახელისუფლებო არხმა (რუსთავი 2 და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პოსტვ), ტროლის ფეისბუქ შეფასება კომიკოსის ხუმრობის შესახებ, ფეისბუქზე საინფორმაციო ბარათების სახით გამოაქვეყნა.

მიქიაშვილის 23 ივლისის პოსტი კოორდინირებულად სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის შემდეგმა მედიასაშუალებებმა და ფეისბუკ-გვერდებმა  გაავრცელეს:  ახლა • Akhla; Newshub.ge – ნიუსჰაბი; საინფორმაციო სააგენტო INFO9; საერთო გაზეთი; primetime; infopostalioni მედიაჰოლდინგი კვირა; რეპორტიორი, მხარე, ლიდერი, xnews; nsp.ge; მსოფლიოს  საინტერესო ამბები.

18 ივლისს, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე კი, იგივე ყალბი  ანგარიშის, ქეთევან მიქიაშვილის პოსტი, რომელშიც იგი ონისე ოქრიაშვილს ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, პროსახელისუფლებო ტელევიზიების – პოსტვ ანალიტიკა, რუსთავი 2  – ფეისბუქ გვერდებზე საინფორმაციო ბარათის სახით გავრცელდა. 

1.2. ტროლი, რომელიც სახელისუფლებო მედიის პოსტებზე იდენტური შინაარსის კომენტარებს ტოვებს

გიორგი ქართველიშვილის მიერ "მყისიერი რეაგირების" მოძრაობის შექმნის ინიციატივას სოციალურ ქსელში მხარდაჭერა გამოუცხადეს ტროლ-ანგარიშებმა, რომლებიც აქტიურად აკომენტარებდნენ პროსახელისუფლებო მედიების "იმედის", "რუსთავი 2"-ისა და POSTV-ის  იმ პოსტებზე (1,2,3), რომლებიც აღნიშნულ ინიციატივას ეხებოდა.

მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა ანონიმური ანგარიში – Mai Dire Mai – რომლის პროფილი 2025 წლის სექტემბერშია შექმნილი და რომელიც იდენტური შინაარსის კომენტარს, იდენტური გრამატიკული და სტილისტური შეცდომებით, 4 სახელისუფლებო მედიის, კერძოდ, რუსთავი 2-ის, იმედის, პოსტვის, "ახლას" ფეისბუქ პოსტებზე (1,2,3,4) ტოვებდა. ანგარიშის მიერ დატოვებულ კომენტარში ქართველიშვილის ინიციატივა წარმოდგენილია როგორც ქრისტიანობისა და ეროვნული ღირებულებების დაცვის აუცილებელი საშუალება. ამავე კომენტარში ოპონენტებს ავტორი ახასიათებს როგორც "ნაც ფაშისტებს," "სექტას", "სატანური ევრო-ლიბერალების" გავლენის ქვეშ მყოფ ძალებს და ასევე მათი "ძირფესვიანად აღმოფხვრის" აუცილებლობას უსვამს ხაზს. ანონიმური ანგარიშის კომენტარები ანტიდასავლურია, ის ისრების გადატანას ევროკავშირისკენ ცდილობს და საქართველოს "სატანისგან" გათავისუფლების გადამწყვეტ მომენტზე საუბრობს.

ამავე ანგარიშმა კიდევ ერთი კომენტარი "ეროვნული ფასეულობების დაცვის"  მხარდასაჭერად  TV Imedi-ის სხვა პოსტზეც დაწერა.

3.1. ყალბი ანგარიშები, რომლებიც სახელისუფლებო მედიების პოსტებს იწონებენ და მათზე აკომენტარებენ.

გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული "მყისიერი რეაგირების" მოძრაობის მხარდაჭერის კამპანიაში ჩართული იყო 15 ყალბი ანგარიში. მათი უმეტესობის ძირითადი აქტივობა პროსახელისუფლებო მედიის პოსტების მოწონება იყო, ხოლო ნაწილი მოძრაობის მხარდამჭერ ინდივიდუალურ კომენტარებს ტოვებდა. 

ყალბი ანგარიშების ნაწილი გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული მოძრაობის შექმნას "ეროვნული ფასეულობების დაცვის" აუცილებელ ნაბიჯად წარმოაჩენდა და მიიჩნევდა, რომ მსგავსი ორგანიზაციების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ყალბი ანგარიში გ. ფ., რომელიც საკუთარ იდენტობას მალავს, აღნიშნავდა, რომ საქართველოში "დასავლეთისა და უკრაინის წახალისებით" მიმდინარეობს პროვოკაციები, მათ შორის უცხოელ ტურისტებზე "მორალური და ფიზიკური ტერორის" კამპანია, რომლის მიზანიც, "ახალი ომის კერის გაჩენაა". მისივე აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ჯგუფებისთვის შეიქმნას ფინანსური მხარდაჭერის ფონდები და ანგარიშები, რათა მათ საქმიანობა გააგრძელონ და გაფართოვდნენ. 

კომენტარების ნაწილში ნათქვამი იყო, რომ "ეროვნული ღირებულებების" და საზოგადოების მორალური პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს, დანარჩენები კი გამოხატავენ მხარდაჭერას ქართველიშვილის იდეის მიმართ.

ზოგიერთი ანონომური ანგარიში კი პოსტების მოწონების გარდა, მხარდაჭერას სხვადასხვა ემოჯების მეშვეობით გამოხატავდა, ან ინიციატორებთან დაკავშირების სურვილს გამოხატავდა.

მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინილი 14 ყალბი ანგარიშიდან 5-მა (Mai Dire Mai; გ. ფ; John Malkovich; ნიი ნებ; Planeta Vegga) კომენტარი TV Imedi-ის, Rustavi 2-ისა და POSTV-ის იმ პოსტებზე დატოვა, რომლებიც ქართველიშვილის ინიციატივას ეხებოდა. დანარჩენი 9 ანგარიში Turi Galiano, Ele Onora, Vito Jenoveze, Kato Kato; Т. К.; ნტა მარია; Gm Ti; Nujers Niorki გიო გიო ამავე მედიების პოსტებს იწონებდა. 

ყალბი ანგარიშების ნაწილი საკუთარ იდენტობას მალავდა, ნაწილი კი იყენებდა ცნობილი ისტორიული ფიგურების, მსახიობებისა და სხვა პირების ფოტოებსა და სახელებს, საცხოვრებელ ადგილებად კი ზოგს საქართველოს ქალაქები, ზოგს იტალიის და რუსეთის ჰქონდა მითითებული."

მასალაში გამოყენებულია მითების დეტექტორის ფოტოები. კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics