|
2025-04-05 16:54:38, 978 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთი TikTok-ის შესახებ შეთანხმებას ტრამპის ტარიფების გამო აყოვნებს
ჩინეთმა მიანიშნა, რომ დააყოვნებს შეთანხმების მიღწევას, რომლის მიხედვითაც ჩინურ კომპანია ByteDance-ს მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok-ის მნიშვნელოვანი წილი ამერიკული კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, რათა აშშ-ში პლატფორმის აკრძალვა თავიდან აერიდებინა. მიზეზი, როგორც Reuters საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიმდინარე კვირაში გამოცხადებული ტარიფებია 180-ზე მეტი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის, ჩინეთის. 2 აპრილს, როგორც ამ თარიღს თავად ტრამპი უწოდებს, "გათავისუფლების დღეს" აშშ-ს პრეზიდენტმა 180-ზე მეტ ქვეყანას თანაბარი საპასუხო, სულ მცირე, 10%-იანი ტარიფები დაუწესა. 10%-იანი საბაზისო განაკვეთი ძალაში 5 აპრილს შევიდა, ხოლო თანაბარი საპასუხო ტარიფების ამოქმედება 9 აპრილიდან დაიწყება. აშშ-ს ჩინურ იმპორტზე აქამდე 20%-იანი ტარიფი ჰქონდა დაწესებული. ტრამპის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, ეს მაჩვენებელი კიდევ 34%-ით გაიზარდა და ჯამში 54% გახდა. მალევე ჩინეთმაც აშშ-ს წინააღმდეგ ასევე 34%-იანი ტარიფის დაწესება გამოაცხადა. რაც შეეხება TikTok-ს, ზემოხსენებული შეთანხმების სტრუქტურა, როგორც Reuters წერს, მეტწილად 2 აპრილისთვის იყო ფინალიზებული. გარიგების თანახმად, ByteDance პლატფორმის მნიშნველოვან წილს აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიას მიჰყიდდა, რომელსაც TikTok-ის აშშ-ში ოპერირების უფლება ექნებოდა. თავად ჩინური კომპანია TikTok-ის მაქსიმუმ 20%-იან წილს შეინარჩუნებდა. როგორც წყაროები Reuters-ს ეუბნებიან, შეთანხმების პირობები TikTok-ის არსებული ინვესტორებისთვის, ახალი ინვესტორებისთვის, ByteDance-ისთვისა და აშშ-ს მთავრობისთვისაც მისაღები იყო. თუმცა 5 აპრილს, ByteDance-მა განაცხადა, რომ გარიგებაზე კონკრეტული უთანხმოებები კვლავაც არსებობს. "ჩვენ კვლავ მოლაპარაკებების პროცესში ვართ აშშ-ს მთავრობასთან, თუმცა რაიმე შეთანხმებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. ორ მხარეს კვლავაც აქვს განსხვავებული მოსაზრებები მრავალ საკვანძო საკითხზე". - ნათქვამია ByteDance-ის განცხადებაში. როდესაც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს შეკითხვა დაუსვეს TikTok-ის შეთანხმების სტატუსზე, საელჩომ განაცხადა, რომ "ჩინეთს რამდენჯერმე გაუხმოვანებია საკუთარი პოზიცია TikTok-ის შესახებ. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა და იცავდა ბიზნესების ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკას, რომელიც საბაზრო ეკონომიკის საბაზო პრინციპებს არღვევდა". ცნობისთვის, 4 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა TikTok-ის აკრძალვის აღსრულება კიდევ 75 დღით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელზე, Truth Social-ზე წერს. "ჩემი ადმინისტრაცია ძალიან ბევრს მუშაობს შეთანხმებაზე, რათა TikTok გადავარჩინოთ და ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. შეთანხმებას მეტი მუშაობა სჭირდება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჭირო დასტური ხელმოწერილია. სწორედ ამიტომ ვაწერ ხელს აღმასრულებელ განკარგულებას, რომ დამატებითი 75 დღის განმავლობაში TikTok ჩართული იყოს და მუშაობდეს. ვიმედოვნებთ, რომ კეთილსინდისიერად მუშაობას გავაგრძელებთ ჩინეთთან, რომელიც, როგორც ვხვდები, ჩვენი საპასუხო ტარიფებით ძალიან კმაყოფილი არ არის (რაც ჩინეთსა და აშშ-ს შორის სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობისთვის აუცილებელია!). ეს ამტკიცებს, რომ ტარიფები ყველაზე ძლიერი ეკონომიკური იარაღია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის! არ გვსურს, რომ TikTok "ჩაბნელდეს". ველით TikTok-თან და ჩინეთთან მუშაობას, რათა შეთანხმება გავაფორმოთ". - წერს ტრამპი. ByteDance-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიას "აშშ-ს TikTok-ისთვის პოტენციური გამოსავლის შესახებ აშშ-ს მთავრობასთან დისკუსია აქვს". "შეთანხმება არ არის მიღწეული. საკვანძო საკითხები არის გადასაჭრელი. ნებისმიერი შეთანხმება ჩინეთის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დადასტურდეს". - წერია კომპანიის განცხადებაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)