|
2024-10-18 21:12:28, 390 ნახვა
პოლიტიკა
სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა
ქალაქ სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას პროგრამა Hat Trick-ის ფინანსური თანამონაწილეობით განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელი და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ცენტრი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გახსნა. დედაქალაქის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ცენტრის დაარსებაში ჩართულ ადგილობრივ და საერთაშირისო სპორტულ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან ემოციურია ჩემთვის დღევანდელი დღე. მინდა, აქ შეკრებილ ადამიანებს, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, თუმცა იმხელაა სიხარული და სიამაყის გრძნობა, რომ, რა თქმა უნდა, ვერანაირი ამინდი ვერ შეგვიშლის ხელს. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, მთელ გუნდს იმ მაგარი პროექტების განხორციელებისთვის, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკეთებენ. დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ სამტრედიაში გაკეთდა ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურა, სადაც ამ გულანთებულ პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ მაგარი, წარმატებული ფეხბურთელები. ბავშვებო, არასდროს არ გაჩერდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ, რომ იყოთ წარმატებულები ცხოვრებაში. ცხოვრება საინტერესოა იმით, რომ თქვენ გექნებათ უამრავი ხელისშემშლელი ფაქტი, იქნება სირთულეები, მაგრამ არ დანებდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმუმი იმ საქმიდან, რასაც აკეთებთ, რაც გიყვართ და რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის. მინდა, უეფას და ფიფას წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც ისინი იჩენენ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე, ჩვენთან არის ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მინდა, მას მადლობა გადავუხადო. დღეს საღამოს ქუთაისში საინტერესო შეხვედრა გაიმართება საქართველოსა და ლატვიის ვეტერან ფეხბურთელებს შორის. აქ არიან ჩვენი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, მადლობა მათ იმისთვის, რაც გაუკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და წარმატებები ვუსურვოთ მომავალ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ მადლობა ლევანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში",- განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ცენტრის გახსნა მიულოცა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და მას ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „თითოეული ასეთი პროექტი, რომელსაც ახორციელებს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსთან ერთად, ფიფასთან და უეფასთან ერთად, არის უდიდესი ბედნიერება და ძალიან ამაყი ვარ დღეს, რომ შეგვიძლია ეს არაჩვეულებრივი საფეხბურთო ცენტრი გავხსნათ, რომელიც ვისი სახელობის უნდა იყოს, თუ არა კახი კალაძის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი ერქმევა ამ ცენტრს. მინდა, კახის მივულოცო, ჩემს მეგობარს, ღირსეულ ქართველს. ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი სიხარული მოგვანიჭა წლების განმავლობაში, ვამაყობდით მისი სახელით, მისი თამაშით და მე ძალიან კარგად ვხვდები, თუ რამხელა ბედნიერებაა კახისთვის. კახი, შენ ეს დაიმსახურე და მადლობას გეუბნებით ქართული ფეხბურთის ფედერაციის ოჯახის სახელით ყველაფრისთვის, რაც გააკეთე და რასაც გააკეთებ მომავალში", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. პროექტის ფარგლებში, სამტრედიის საფეხბურთო ცენტრში ორი სტანდარტული ზომის, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო განათებით და ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით, ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა ფეხბურთელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. სამტრედიის საფეხბურთო ცენტრით ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულებით უფასოდ ისარგებლებენ, მის მოვლა-პატრონობას კი ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. ამ ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე განახორციელა ფოთში და თბილისის ხუთ უბანში - ვარკეთილის დასახლებაში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დიღმის მასივში.
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)