|
2024-04-19 11:09:26, 284 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სამინისტროს ორგანიზებით და „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გამართული ლურჯი მოცვის ფორუმი გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო კონსულტანტებმა და საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა. „ლურჯი მოცვის წარმოება არის ერთ-ერთი ნათელი და წარმატებული მაგალითი პროგრამის „დანერგე მომავალი“, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ამ კულტურის დაფინანსება დავიწყეთ. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერებთან ერთად, შევძელით 2800 ჰექტრამდე ბაღის გაშენება. გასულ წელს, 20 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განვახორციელეთ. სულ რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო, რადგან ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება არ გვქონდა. შემოვიდა სრულიად ახალი, არატრადიციული კულტურა, რომლის მოყვანაც ფერმერებმა დაიწყეს. მნიშვნელოვანია, რომ, მოყვანასთან ერთად, სათანადო სტანდარტებით შენახვა და შემდგომ სხვადასხვა ბაზარზე რეალიზაცია შევძლოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ბაზრის დივერსიფიცირებაა. ამ ნაწილშიც აქტიურად ვეხმარებით ფერმერებს, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი არიან ჩვენი ფერმერები და ქართული წარმოების ლურჯი მოცვი. ეს ხელს უწყობს შესაბამისი კონტაქტების დამყარებას. ასეთი მხარდაჭერის შედეგად, ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილე ფერმერებს, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას, საერთაშორისო ექსპერტებს და დარგის განვითარებაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აქტიური მონაწილეობისთვის. „აგრარულ საკითხთა კომიტეტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში. ასეთი შეხვედრების დროს, ჩვენ ვახერხებთ უფრო მეტი საჭიროება გამოვკვეთოთ. კომიტეტის შემდგომი განხილვის საკითხი გახდება სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და, ზოგადად, პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. ამ წამოწყებებში კომიტეტი აუცილებლად დაუდგება გვერდში სამინისტროს“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა. ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიის ფორმატში მსჯელობა გაიმართა ლურჯი მოცვის, როგორც სტრატეგიული დარგის განვითარებაზე, სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მხარდამჭერ პროგრამებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაღების გაშენების მნიშვნელობაზე, მოცვის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)