|
2023-10-30 13:10:28, 910 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები - ხელისუფლება მოსამართლეებისა და ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე არ რეაგირებს
აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების - მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. საპირისპიროდ, სანქცირების მომენტიდან დღემდე, ხელისუფლება აქტიურად იცავს სანქცირებულთა ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებით, ცდილობს, გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები, - ამის შესახებ 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში NGO-ები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა და ამით ქვეყნის დასავლური სივრცისგან დაშორება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სანქცირების ფაქტით ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად. "მიგვაჩნია, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა საგანგაშო მიზეზებით მოხდა. მრავალი წელია, ქართული საზოგადოება საქართველოს სასამართლოს სისტემაში კორუფციის და პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე საუბრობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის მოსამართლეების დასანქცირება ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე. მის მიმართ სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. წლების მანძილზე მისი სახელი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდა, თუმცა მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. 14 სექტემბერს კი, აშშ-ის ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებაც დაემატა. სამართალდამცავებს ამ საკითხზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ, უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს, ქვეყანა დაეტოვებინა. აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არამხოლოდ რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს მოარგო, რაც სახელმწიფოს მიტაცების, ქმედებაში გამოხატული, კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია. ვფიქრობთ, დღეს საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა ქვეყნის რეპუტაციას და საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას კიდევ უფრო მეტად აზიანებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა და ამით ქვეყნის დასავლური სივრცისგან დაშორება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სანქცირების ფაქტით ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად", - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელ აწერენ:
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)