|
2023-09-06 13:09:27, 618 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ კომერციული ობიექტების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მოუწოდა, საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენი კანონით დადგენილი წესით განათავსონ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნაგავშემკრებ კონტეინერებში აკრძალული ნარჩენის მოთავსება და ამის შედეგად ურნების დაზიანება ქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალაც სწორედ ასეთ ფაქტს ასახავს. „რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გადავსებული ურნების ამსახველი ვიდეომასალა. ეს არის „პიქსელის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც ერთ-ერთი დიდი სუპერმარკეტია განთავსებული. სწორედ ამ მარკეტიდან გამოტანილი ნაგავი იყო ურნებში ჩატენილი. ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო ვიდეო და გამოხატა უკმაყოფილება. ამ ადამიანის აბსოლუტურად მესმის და ზოგადად ვიზიარებ მათ პოზიციას, ვისაც ჩვენს ქალაქზე გული შესტკივა. ნაგავშემკრებ კონტეინერებში აკრძალული ნარჩენის მოთავსება და ამის შედეგად ურნების, ასევე, სპეცმანქანების დაზიანება დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან კომერციული ობიექტების წარმომადგენლები და ასევე, მოქალაქეები კონტეინერებში და მის მიმდებარედ ათავსებენ: დაუშლელ მდგომარეობაში მუყაოს ყუთებსა და სხვა შეფუთვის ნარჩენს, სამშენებლო ნარჩენს, ავტომობილის მეორად ნაწილებსა და ზეთებს, საწარმოო ნარჩენს, ჩამოწერილ პროდუქტებს, ასევე, დიდგაბარიტიან ნარჩენს, როგორიცაა ძველი ავეჯი და ა.შ. ამ ყველაფრის მოთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში (ასევე, მიმდებარედ) აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა წარმოადგინა ფოტომასალა და აღნიშნა, რომ ვაკეში, სადაც მიწისქვეშა ურნებია განთავსებული, საკეტების მიზანმიმართულად დაზიანების ფაქტებიც ფიქსირდება. „საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი „ნარჩენების მართვის წესი“ და მომხმარებელთა უფლება-მოვალეობები, რომლის თანახმადაც, „მომხმარებლები ვალდებულნი არიან ნარჩენები ისე განათავსონ კონტეინერებში, რომ არ მოხდეს მათი გადავსება, ხოლო გადავსების შემთხვევაში, ნარჩენები განათავსონ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კონტეინერებში. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ალმოდებული ნარჩენების, სითხეების და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კომპანიების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მოუწოდა, ნარჩენები კანონით დადგენილი წესით განათავსონ. „კომპანიების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მოვუწოდებ, ნარჩენები კანონით დადგენილი წესის მიხედვით განათავსონ, ნუ დავაბინძურებთ გარემოს და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს. ასევე, გეტყვით, რომ გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც შესაძლებელია სამშენებლო/ინერტული ნარჩენის (ასევე, ძველი ავეჯის) კანონიერად განთავსება. ტარიფები ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვისაც. ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს „თბილსერვის ჯგუფთან“ შეუძლია ხელშეკრულების გაფორმება და ნარჩენების გატანის კუთხით, დამატებითი მომსახურების მიღება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თუ კონკრეტული სუპერმარკეტები არ ითანამშრომლებენ „თბილსერვის ჯგუფთან“ და ნარჩენებს კვლავ საყოფაცხოვრებო ნაგვისთვის განკუთვნილ ურნებში მოათავსებენ, ამაზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს და სანქციები გამკაცრდეს. „მინდა, მივმართო ყველა იმ მაღაზიათა ქსელს, რომელიც არ თანამშრომლობს ჩვენთან და ნარჩენებს მიზანმიმართულად ათავსებს საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის გამოყოფილ ურნაში: სწორედ ეს ქმნის უდიდეს პრობლემას - ხდება ურნების გადავსება, დაზიანება. მესმის, ეს თქვენი ბიზნესია, არავინ ხელს არ გიშლით, გყავთ დასაქმებული ადამიანები, მაგრამ თქვენი ბიზნესის კეთებით გარემო არ უნდა დააბინძუროთ და მოქალაქეებს არ უნდა შეუქმნათ პრობლემები. დღეს სპეციალურად არ ვასახელებ იმ კონკრეტულ სუპერმარკეტებს, რომლებიც ქალაქში მსგავს პრობლემას ქმნიან. გეძლევათ გონივრული ვადა იმისთვის, რომ „თბილსერვისთან“ გააფორმოთ ხელშეკრულება, არც თქვენ შეგექმნათ პრობლემა და არც ამ ქალაქში მცხოვრებლებს. ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაა, სისუფთავის და წესრიგის დაცვა კანონის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვავალებ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ ვინაიდან, ამ ეტაპზე „თბილსერვის ჯგუფს“ დაჯარიმების უფლება არ აქვს, დაიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. თუ საჭირო გახდება, ჩართეთ მუნიციპალური ინსპექცია, გაამკაცრეთ და გაზარდეთ ჯარიმები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)