|
2023-07-26 11:58:36, 1537 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ხმაურის ნორმების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება
თბილისის მერიამ ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის მიზნით შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს. „ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თქვენ იცით როგორ აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ზოგ ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 11:00 საათამდე, ხოლო ღამის 11:00-დან დილის 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონს ხშირ შემთხვევაში არ იცავენ კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები და ა.შ. ამ ობიექტებში ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მოვუწოდე და ვთხოვე ყველა მსგავს ობიექტს, დაიცვან ხმაურთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, ასევე დავავალე მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, რომ ამ მიმართულებით გაემკაცრებინა მონიტორინგი. ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის დადგენილი სანქციები უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შეთხვევაში ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, სანქციების მიზანი არის არა ბიზნესის დაზარალება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა. „რა თქმა უნდა, ბიზნესს არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, ხელს არავის არ ვუშლით. პირიქით, თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები, ბევრი მხარდამჭერი პროგრამა განვახორციელეთ მათთვის, მაშინ, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდათ. მხედველობაში მაქვს პანდემიის ორწლიანი პერიოდი. რა თქმა უნდა არც მომავალში დავიხევთ უკან, მაგრამ ერთით მეორე არ უნდა დავაზიანოთ და ადამიანის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული. კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით; მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით“, - დასძინა კალაძემ. მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე შედგა კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან.
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)