|
2023-04-26 09:25:49, 805 ნახვა
საზოგადოება
30-ზე მეტი ორგანიზაცია ღარიბაშვილს აქონდროპლაზიის წამლის დაფინანსების მოთხოვნით მიმართავს
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ და აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. „ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა:
წელიწადნახევარია, რაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ცდილობენ მიაწვდინონ ხმა ჯანდაცვის სისტემას და მთავრობას, დაფინანსდეს მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი Voxzogo Vosorotide. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ გამოიძებნა დიალოგისა და თანამშრომლობის გზები, რის გამოც დედებმა ჯერ ჯანდაცვის სამინისტროში გამართეს საპროტესტო აქციები, ხოლო როცა თანამშრომლობის ყველა გზა გადაიწურა, უკვე 7 დღეა, რაც მთავრობის კანცელარიასთან მართავენ უწყვეტ მშვიდობიან აქციას. აღნიშნულ სამკურნალო პრეპარატს 2021 წელს „ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ“ (FDA) მიანიჭა ავტორიზაცია, რაც მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ადასტურებს. ამავე წელს მედიკამენტი შეაფასა და ავტორიზაცია მიანიჭა „ევროპის მედიცინის სააგენტომ“ (EMA). ამ ორი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ ავტორიზაციის მინიჭება, ცალსახად მეტყველებს მედიკამენტის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე. ცხადია, ყველა მედიკამენტის გამოყენებას სჭირდება შესაბამისი მართვა და ყველას აქვს გვერდითი ეფექტები, რაც სათანადო მართვის პირობებში უნდა დარეგულირდეს – ეს არ გახდეს მედიკამენტის შემოტანაზე უარის თქმის მიზეზი. აღნიშნული პრეპარატი ეფექტურია ბავშვობის ასაკში, სანამ ორგანიზმი ზრდას დაასრულებს. მედიკამენტის საშუალებით საგრძნობლად გაიზრდება ბავშვთა ფუნქციონირების დონე, არ შეექმნებათ ჯანმრთელობის ისეთ სახიფათო პრობლემები, როგორიცაა: ჰიდროცეფალია, კრანიო ცერვიკალური კომპრესია, ძილის ობსტრუქციული აპნოე, ხერხემლის სვეტის დეფორმაციები, სპინალური სტენოზი, შუა ყურის დაავადებები და ა.შ. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები კარგად იაზრებენ იმ რეალობას, რომლის წინაშეც დგანან, ხედავენ საკუთარი მშობლების ბრძოლასა და დარდს, რაც ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს ბავშვებს; მათ იციან, რომ არსებობს რეალური მედიკამენტი, რაც მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, და უწევთ მოლოდინსა და შიშში ყოფნა, მშობლების განცდების გაზიარებასთან ერთად, მათი პირადი შეგრძნებები და ემოციები არ უნდა იყოს უგულველყოფილი. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”,- ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები:
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ათონელის რეზიდენციაში შეხვდნენ, სადაც პრეზიდენტმა გამოთქვა სრული მზადყოფნა ჩაერთოს პროცესში, იმისთვის, რომ მედიკამენტი "ვოზორიტიდი", საქართველოში რაც შეიძლება მალე შემოვიდეს. 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება. მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო". პროსტესტის მეექვსე დღეს, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა. ომუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პროცესში აქციურადაა ჩართული და აქციის მონიტორინგს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მერვე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ. მანამდე, მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)