|
2020-06-29 18:13:12, 1688 ნახვა
პოლიტიკა
ფასილიტატორი ელჩები - მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო საკონსტიტუციო ცვლილებების წარმატებით დასრულება, ვწუხვართ, რომ ზოგიერთმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო საკონსტიტუციო ცვლილებების წარმატებით დასრულება, ვწუხვართ, რომ ზოგიერთმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, - ამის შესახებ ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისმა გაავრცელა. ელჩები მოუწოდებენ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. „გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა (კენჭისყრაში). ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას. 8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში. და ბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას“, - აღნიშნულია ელჩების ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება.
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)