|
2019-02-12 10:38:39, 1164 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრს შეხვდა
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, ელექტრონული სერვისები და ელექტრონული მმართველობა, ღია და გამჭვირვალე მთავრობა, ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი, ბლოკჩეინის სისტემის დანერგვა ქონებრივი უფლებების დასაცავად − ქართული წარმატებული რეფორმების შედეგები თეა წულუკიანმა ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრ ლოვრო კუშჩევიჩს გააცნო. ხორვატიის დელეგაცია თბილისში სახელმწიფო მმართველობის სფეროში დანერგილი ინოვაციური სისტემების შესწავლის მიზნით იმყოფება. ხორვატიის მთავრობის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს ელექტრონული სერვისები და ელექტრონული მმართველობა წარმოადგენს. დელეგაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრი მასპინძლობს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის თემას. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ელექტრონული მმართველობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, დისტანციურად, უფრო სწრაფად და გამარტივებულად მიიღონ სახელმწიფო სერვისები. მისი მიზანია საჯარო უწყებებში შიდა პროცესების გაციფრულება და მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული და ხარისხიანი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების შეთავაზება. ამ საკითხით ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაინტერესდა. ხორვატიაში ვიზიტისას თეა წულუკიანთან შეხვედრაზე ლოვრო კუშჩევიჩმა სურვილი გამოთქვა, უფრო დეტალურად გასცნობოდა ამ სერვისს და გაეზიარებინა საქართველოს გამოცდილება. პასუხად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოლეგას ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვაში დახმარება შესთავაზა და ის საქართველოში დაპატიჟა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხორვატ კოლეგას სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და მას იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, სერვისების სწრაფად და კომფორტულად მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რაიონების, პატარა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე სოფლების მცხოვრებთათვის, რათა ისინი გამუდმებით გრძნობდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას სახელმწიფოსა და მთავრობისაგან. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, აგრეთვე, ელექტრონულ პლატფორმაზე − პორტალ „my.gov.ge"-ზე, რომელიცსახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება 408 სახელმწიფო უწყებიდან. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც; ინოვაციური პროექტების მიმართულებით კი, მან ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის სისტემის დანერგვის მნიშვნელობას საკუთრების მართვისა და მიწის უფლებების რეგისტრაციის გამჭვირვალობისა და დაცულობისათვის. ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრი გუშინ მუხრანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ის თბილისის იუსტიციის სახლსაც დაათვალიერებს. დელეგაცია საქართველოს 13 თებერვალს დატოვებს.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)