|
2018-11-05 13:49:48, 1164 ნახვა
პოლიტიკა
ISFED: პარტიებს და პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ შეწყვიტონ რიტორიკა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სამოქალაქო ომის პროპაგანდას
"საქართველოში არჩევნების მეორე ტურზე მაღალი კონკურენცია პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში დაძაბულობის, ძალადობრივი ინციდენტებისა თუ ზეწოლის გარემოს რისკებს ზრდის", - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წელს პირველად საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურზე აირჩევს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამომრჩევლების მიერ მეორე ტურში გასული კანდიდატების მიმართ 28 ოქტომბრის კენჭისყრის დღეს ნაჩვენები თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაღალი კონკურენტულობით გამოირჩევა. ISFED-სი აცხადებენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. "წარსული გამოცდილებით, საქართველოში არჩევნების მეორე ტურზე მაღალი კონკურენცია პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში დაძაბულობის, ძალადობრივი ინციდენტებისა თუ ზეწოლის გარემოს რისკებს ზრდის. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან ორ დღეში, შემაშფოთებელი განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ, რომლებიც ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომსა და რევოლუციურ სცენარებს პროგნოზირებდნენ. გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, იმავე დღეს, 30 ოქტომბერს, ახალქალაქში საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრები, 30-მდე ადამიანთან ერთად, შეცვივდნენ მათს ოფისში და თავს დაესხნენ ამ გაერთიანების წევრებს. შედეგად, „ძალა ერთობაშიას“ 4 წევრი სხვადასხვა დაზიანებით ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში მოხვდა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. წინა დღეებში საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების კიდევ რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული ზემოაღნიშნული განცხადებები შეიცავს სამოქალაქო ომის პროპაგანდის და ძალადობის წახალისების ნიშნებს, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას. მსგავსი აგრესიული რიტორიკა ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების იდეას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ ადამიანის პოლიტიკურ უფლებებს, რომლის თანახმად, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად ჩამოიყალიბოს მოსაზრება ძალადობის, ძალადობის მუქარის, ძალდატანების, მოსყიდვის და ნებისმიერი სახის მანიპულაციური ჩარევის გარეშე. ამდენად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა საკუთარი განცხადებებით არ გამოიწვიონ საზოგადოებაში არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობისა და შიშის გარემოს განცდა. ამასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფუნქცია აკისრია ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია ძალადობისგან დაიცვას თითოეული მოქალაქე, ორგანიზაცია თუ სახელმწიფო ინსტიტუცია, და უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა. ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, პატივი სცეს არჩევნებზე გამოხატულ ამომრჩევლის ნებას. ამდენად, არჩევნების კონკრეტული შედეგის შემთხვევაში შესაძლო სამოქალაქო ომის დაწყების შესახებ რიტორიკა უკიდურესად შემაშფოთებელი და დამაზიანებელია. როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან უმნიშვნელოვანესია მკაფიო გზავნილი, რომ ისინი პატივს სცემენ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას და მეორე ტურზე დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად არ შეეცდებიან ვითარების რაიმე სახით გამწვავებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საპრეზიდენტო კანდიდატებს, პარტიებს და მათ მხარდამჭერებს: მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საჯარო განცხადებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სამოქალაქო ომისა და ძალადობის პროპაგანდას და რომელიც მიმართულია ამომრჩეველთა დაშინებისკენ; მკაფიოდ დააფიქსირონ, რომ პატივს სცემენ ამომრჩევლის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოხატულ ნებას; საკუთარ გამოსვლებში აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი კონოტაციის მქონე განცხადებები. ასევე, ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს: დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიონ 30 ოქტომბერს ახალქალაქში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმის ინციდენტი, აგრეთვე ამ პერიოდში მომხდარი დაპირისპირების სხვა ფაქტები. გამოკვეთონ და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ დანაშაულში მონაწილე ყველა პირს; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში, უშუალოდ კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ, უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)