19:47 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 10:27:01, 1288 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპის ხელმოწერით ძალაში შევიდა აქტი რომელშიც საქართველო მიჩნეულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი

დონალდ ტრამპმა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (FY19NDAA) მოაწერა ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.

უწყების ცნობით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტი განსაზღვრავს 2019 ფისკალური წლისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებს.

„კანონის #1248 ქვეთავი, ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება (SENSE OF SENATE ON ENHANCING DETERRENCE AGAINST RUSSIAN AGGRESSION IN EUROPE). ქვეთავში აღნიშნულია, რომ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს და ის ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმებით ნაკისრი ურყევი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, და რაც თავის მხრივ, რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს. აღნიშნული ქვეთავი საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გზავნილებსაც შეიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.

ამასთანავე, კანონი მოუწოდებს ადმინისტრაციას შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების, განსაკუთრებით, რუსული აგრესიისა და საზიანო გავლენის უშუალო სამიზნე ქვეყნების მხარდაჭერას მოიცავს.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატო-ს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

კანონში დაფიქსირებულია ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.

საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობას აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics