|
2018-07-19 16:19:26, 1220 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრის პოზიტიური დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „მამუკა ბახტაძემ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას მკაფიოდ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ყოვლისმომცველი რეფორმების გატარებას ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით. მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დეტალურად გააცნო ახალი სამთავრობო პრიორიტეტები და ინიციატივები, რაც დონალდ ტუსკის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა, განსაკუთებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ მიმართულებაზე. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ითქვა, რომ ქვეყნის წარმატებები - შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების, უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის კუთხით, აგრეთვე, ასოცირების ხელშეკრულებისა (AA) და მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილის - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის მიმართულებით სამაგალითოა, რამაც ხელი შეუწყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო თანამშრომლობის ახალ ფორმატს საქართველოს მთავრობასა და ევროპულ კომისიას შორის. აღინიშნა, რომ მაღალი დონის ფორმატი ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან. მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის განვითარებასა და საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ლიდერის როლზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. აგრეთვე, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით და ყურადღება დაეთმო შემუშავებულ სამშვიდობო ინიციატივებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი - საქართველოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში და აგრეთვე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში. ევროპულ საბჭოში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ და დონალდ ტუსკმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)