|
2017-12-27 18:53:24, 2455 ნახვა
სამართალი
შსს-მ პროცესზე ვიდეომასალა წარადგინა, სადაც ჩანს, როგორ აყენებს პოლიციელებს შეურაცხყოფას ზვიად რატიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესზე პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები წარმოადგინეს. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აყენებს რატიანი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტი თავადა რატიანმაც აღიარა. მან ასევე აღნიშნა, რომ მომხდარის დეტალები კარგად არ ახსოვს და დასძინა, რომ კონტროლი ჰქონდა დაკარგული. თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტ ზვიად რატიანის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამართულ პროცესზე მოწმეებიც დაკითხეს – სამი პოლიციელი და ორი მოქალაქე, რომელიც პოეტის დაკავების ფაქტს შეესწრო. ”საღამოს გამოვიხედე ფანჯრიდან და დავინახე რომ პატრულის თანამშრომლები ცდილობდნენ დაეკავებინათ ნასვამი ადამიანი. ფაქტობრივად, მე გავიგე მისი გინების ხმა. დავინახე როგორ ჩხუბობდა პოლიციასთან. მას უკვე ხელბორკილები ჰქონდა დადებული და ცდილობდა პოლიციისთვის ფეხი დაერტყა, მგონი უკვე დარტყმულიც ჰქონდა. 3 პოლიციელი იყო, მახსოვს რაციები ჰქონდათ და კეპი ეხურათ. ის (რატიანი) ჩემგან ზურგით იდგა და მახსოვს, რომ ნასვამი იყო. მგონი მუქი წითელი ეცვა, შეიძლება ვცდებოდე. პოლიციელები ცდილობდნენ მოლაპარაკებოდნენ მას, რომ ის ჩამჯდარიყო მანქანაში, ის წინააღმდეგობას უწევდა მათ. ჩემი სადარბაზოს პირდაპირ, პირველ სართულზე, კერძო სახლის ფანჯრიდან ვადევნებდი თვალ-ყურს”,- აღნიშნა მოწმემ. მეორე მოწმის თქმით, ის იმ ფაქტს მაშინ შეესწრო, როცა რატიანს უკვე ხელბორკილი ედო და ბორდიურზე იჯდა. მისივე თქმით, ბორკილებდადებული რატიანი პოლიციის მისამართით იგინებოდა. ”თამარ მეფის გამზირზე საქმე მქონდა ბანკში. გავიგე ხმაური. კაცი იყო ტროტუარზე იჯდა, დაჭერილი იყო. პოლიციელები იყვნენ, პოლიციელი იღებდა ტელეფონით, დაჭერილი ადამიანი აგინებდა, ის ეუბნებოდა, რატომ მაგინებო. შევედი ბანკში და რომ გამოვედი, არავინ არ იყო”, - განაცხადა მეორე მოწმემ. რუსლანი გელაძემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, რომელიც ერთ-ერთია იმ სამართალდამცველთაგან, რომელმაც რატიანი დააკავა, პროცესზე აღნიშნა, რომ რატიანი უმისამართოდ ქუჩაში იგინებოდა და როცა ისინი მას გამოელაპარაკენენ, უკვე მათი მისამართით დაიწყო გინება. ”ფეხით ვმოძრაობდით თამარ მეფე-წინამძღვრიშვილის კვეთასთან. შევამჩნიე ხმაური. გინების ხმა იყო. დავინტერესდით, მივუახლოვდით. ჩვენთვის უცნობი მოქალაქე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ”თქვენ ვინ უნდა გააჩეროთ”- გვითხრა და ჩემს მეგობარს, ლაშა ჭანტურიას დაარტყა ხელი. ჩემს თანამშრომელსაც მოუქნია ხელი. ვცდილობდით შეჩერებას. დაკავების მერე, აღნიშნულმა პიროვნებამ ჯიბეზე ხელი ჩამომდო და ჩამომგლიჯა. როცა დავაწვინეთ, ხელბორკილები დავადეთ და დავიწყე გადაღება, აგრძელებდა ლანძღვა-გინებას. გამოვიძახე დამატებითი ჯგუფი. მოვიდნენ. ეს არ იყო საპოლიცოო კონტროლის ფარგლებში მოქმედებები. ჩავსვით ავტომანქანაში. ზვიად რატიანს სათვალე უვარდებოდა დაკავების მომენტში. კადრშიც ჩანს, რომ ჩვენი თანამშრომელი ხელში იღებს სათვალეს. დამშვიდდით მოქალაქე, სათვალე არ გაგიტყდეთო, ეუბნება და აწვდის. გადავიყვანეთ ადმინისტრაციულ შენობაში. დავსვით მოსაცდელ სკამზე, რომელიც კონტროლდება სამეთვალყურეო კამერით. არ ჩერდებოდა, სანამ ოქმს ვავსებდით. დაკავების პროცესში ჩემს თანამშრომელს ზვიად რატიანმა უკბინა. ის იქნევდა თავს, ცდილობდა ფეხის დარტყმას”, - აღნიშნა პოლიციის თანამშრომელმა. პოეტის დაცვის მხარემ პროცესზე მოითხოვა, რომ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერი საქმეს მტკიცებულებად არ დაერთოს. მათი შეფასებით, ჩანაწერი სრულად არ ასახავს რატიანის დაკავების მომენტს.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)