|
2017-12-07 13:16:53, 2070 ნახვა
პოლიტიკა
იციკ მოშე კვირიკაშვილს და კობახიძეს მიმართავს, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურმა თბილისმაც აღიაროს
„ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიმართავს. როგორც იციკ მოშეს წერილშია აღნიშნული, საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორსა და ისრაელის მეგობარ ქვეყანას, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, კვლავ ერთ-ერთი პირველი იყოს ამ ეპოქალურ პროცესში, მხარი აუბას აშშ-ის გადაწყვეტილებას და იერუსალიმი ოფიციალურმა თბილისმა ისრაელის დედაქალაქად აღიაროს. „ბატონებო, უდიდესმა სახელმწიფომ და მსოფლიოში მშვიდობის ერთ-ერთმა გარანტმა ქვეყანამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ა.წ. 6 დეკემბერს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ისტორიულია არა მარტო ისრაელისთვის, არამედ იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ამ ქვეყანასთან ისტორიული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. მათ შორისაა საქართველო, რომელიც ყოველთვის ისრაელისადმი განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩეოდა. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა რკინის ფარდის მიუხედავად, გაიხსნა ისრაელის პირველი წარმომადგენლობა; დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჩატარდა ისრაელის მხარდამჭერი მასშტაბური ფორუმი, ხოლო ზუსტად ერთი წლის წინ, 2016 წლის დეკემბერში თბილისმა უმასპინძლა ჰასბარას (ისრაელის სოლიდარობის) პირველ საერთაშორისო ფორუმს, რომელსაც თქვენთან ერთად ესწრებოდნენ ისრაელის მთავრობისა და ქნესეთის წარმომადგენლებიც. სწორედ ამ უკანასკნელ ფორუმზე ფართო საზოგადოებას გავაცანით ჩვენი, „ისრაელის სახლის“ ინიციატივა, რომ მხოლოდ დიდი სახელმწიფოების შემდეგ, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარებდა იერუსალიმს ოფიციალურად ისრაელის დედაქალაქად და თავის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანდა. მაშინ ამ ინიციატივას, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მხარი დაუჭირა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ციპი ხოტოველმა და მანაც გამოთქვა იმედი, რომ მალე საქართველოს საელჩოს იერუსალიმში იხილავდა. ბატონო პრემიერ-მინისტრო! ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ! ვფიქრობ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ამ ისტორიული გარდატეხის მიჯნაზე, როდესაც საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორსა და ისრაელის მეგობარ ქვეყანას, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, კვლავ ერთ-ერთი პირველი იყოს ამ ეპოქალურ პროცესში, მხარი აუბას აშშ-ის გადაწყვეტილებას და იერუსალიმი ოფიციალურმა თბილისმა ისრაელის დედაქალაქად აღიაროს. გვჯერა, რომ ეს იქნება არა მარტო ისტორიული სამართლიანობის, არამედ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე ორიენტირებული პოლიტიკის მხარდაჭერა, რამაც ბიძგი მისცა აშშ-ს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მიეღო ეს გადაწყვეტილება“, - ნათქვამია წერილში.
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)