|
2017-11-21 09:56:29, 1699 ნახვა
ეკონომიკა
28-29 ნოემბერს „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართება
მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 50 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ამ თემაზე სასტუმრო „ბილტმორში,“ სადაც ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფის სამუშაო შტაბია გახსნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ღონისძიების მნიშვნელობა ძალიან დიდია და შესაბამისად, წელს დაინტერესებაც საკმაოდ მაღალია. „ფორუმზე თხუთმეტზე მეტ მინისტრს ველოდებით, ასევე გვესტუმრებიან მოლდოვისა და უკრაინის პრემიერ მინისტრები და სლოვენიის ვიცი პრემიერი. ფორუმზე ჩამოვლენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები. საერთო ჯამში, ველოდებით 34 ქვეყნის უმაღლეს პირს და ასევე მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელს“ - განაცხადა გენადი არველაძემ. მისივე თქმით, აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოს ცნობიერება აიწევს და ეს მნიშვნელოვანია საინვესტიციო ნაწილში. „აბრეშუმის გზის ინიციატივა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ არის დაანონსებული და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ ინიციატივას გამოეხმაურა, იყო საქართველო. ჩვენ აღნიშნული ფორუმით ვაგრძელებთ ინიციატივის მხარდაჭერას და ვართ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში ამ პროექტში ჩართულობის ნაწილში. ფორუმი ასევე ემსახურება ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას - ჩვენ ველოდებით ამ ნაწილში სხვადასხვა მემორანდუმებზე ხელმოწერას, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა არველაძემ. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.
ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ უცხო ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები. აბრეშუმის გზის ფორუმი 28 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება, ხოლო 29 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ გაგრძელდება. ფორუმის ფარგლებში თემატური სესიები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა - მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა. ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. (NS)
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)