|
2017-11-15 12:38:39, 1850 ნახვა
კომენტარი
გიორგაძე: სპორტთან ჩემს პირად განწყობაში და დამოკიდებულებაში, ვერ ვხდები, ვის შეიძლება ეჭვი შეეპაროს
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძისთვის გაუგებარია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტის შეერთებით, რატომ შეიძლება გახდეს სპორტი ნაკლებად პრიორიტეტული. როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამგვარი უარყოფითი მოლოდინის საფუძველი არ არსებობს. გიორგაძის მტკიცებით, სპორტი განვითარებისთვის ისეთივე თანაბარი შესაძლებლობების მქონე მიმართულება იქნება, როგორიც კულტურაა: „ვერ ვხვდები, რით არის გამოწვეული ასეთი უარყოფითი მოლოდინი, ჩემს პირად განწყობაში და დამოკიდებულებაში სპორტთან ვის შეიძლება შეეპაროს ეჭვი, თუ ჩემს წარსულს გადავხედავთ დამეთანხმებით, ყველაზე თავმდაბლურად რომ ვთქვა, არ არის უცხო ჩემთვის ეს სფერო. არაერთი მეგობარი, როგორც ძველ, ისე ახალ თაობაში, მყავს სხვადასხვა სპორტის სახეობაში, ეს წმინდა პირად დამოკიდებულებას რაც ეხება. ინსტიტუციური თვალსაზრისით, ეს იქნება განვითარებისთვის ზუსტად ისეთივე თანაბარი შესაძლებლობების მქონე მიმართულება, როგორიც კულტურაა და გაუგებარია არგუმენტაცია, რის საფუძველზე შეიძლება ჰქონდეს ვინმეს ასეთი ნეგატიური მოლოდინი. ჩვენ გუშინ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი პირველი სამუშაო შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან სპორტის სამინისტროდან, უაღრესად კონსტრუქციულ და თბილ სამუშაო რეჟიმში ჩავატარეთ ეს შეხვედრა, ერთი შეხვედრის ფარგლებში ყველა საკითხს ვერ ამოვწურავდით, თუმცა მნიშვნელოვან თემებს შევეხეთ, ვისაუბრეთ სწორედ იმ შესაძლო სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, რომელიც არც პროცედურის თვალსაზრისით, არც შინაარსობრივად არავითარ შემთხვევაში ვინმეს არ დაუტოვებდა იმ შთაბეჭდილებას, რომ სპორტი მეორეხარისხოვანია. ვფიქრობთ, ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით სრულად ემთხვევა ერთმანეთს. ვგულისხმობ ორ სამინისტროს. ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლო მიზეზს, რის გამოც ძალიან ორგანული, ბუნებრივი შერწყმა და მოქმედება ერთი უწყების ფარგლებში რატომ არ უნდა შეიძლებოდეს“,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. სტრუქტურული ცვლილების შედეგად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)