|
2017-10-24 11:44:27, 1887 ნახვა
საზოგადოება
ISFED: თიანეთის 20-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიიჩნევს, რომ თიანეთის 20-ე საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად უნდა იქნას ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს. „#19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ, 22 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 5-6 საათზე ჩაატარა სხდომა და პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე გახსნა #20 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების დალუქული პაკეტი და გადათავალა ბათილი ბიულეტენები. დადგინდა, რომ 5 ბიულეტენი, რომლიდანაც 4 ბიულეტენზე ერთი კანდიდატი იყო შემოხაზული, ხოლო ერთზე ერთი კანდიდატი გადახაზული იყო, ხოლო მეორე შემოხაზული, საუბნო კომისიას ბათილად ჰქონდა მიჩნეული. ხუთივე შემთხვევაში ხმა მიცემული იყო ქართული ოცნების მერობის კანდიდატისთვის. საოლქო კომისიამ აღნიშნული ბიულეტენები ნამდვილად ჩათვალა, რის შედეგადაც თიანეთის თვითმმართველ თემში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. საოლქო კომისიაში სხდომას ესწრებოდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი. თიანეთის #20 უბანზე კენჭისყრის, ხმის დათვლისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესს ასევე აკვირდებოდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით როგორც კენჭისყრის, ისე ხმის დათვლის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ხმის დათვლის დროს არცერთი დამკვირვებელ ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია განსხვავებული აზრი ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით. კომისიამ პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ერთსულოვნად გადაწყვიტა საეჭვო ბიულეტენების ბედი და არცერთ დამსწრე პირს, მათ შორის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელს არ გამოუთქვამს პროტესტი, რომ ნამდვილი ბიულეტენები საუბნო კომისიამ ბათილად მიიჩნია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის განცხადებით, ყველა ბათილი ბიულეტენი სწორად იქნა მიჩნეული ასეთად და არცერთი ბიულეტენი არ იყო, რომელზეც აშკარად იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება და კომისიამ ბათილად ჩათვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია და ეჭვს იწვევს ის გარემოება, თუ როგორ მოხვდა 5 ნამდვილი ბიულეტენი, რომელზეც აშკარად იკითხებოდა ამომრჩევლის ნება ბათილ ბიულეტენებს შორის. განსაკუთრებით საეჭვოა ის ფაქტი, რომ ხმის დათვლის პროცესში, უბანზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია. არასტანდარტულია თავად საოლქო კომისიის მიერ ასეთი დაუყოვნებელი რეაგირება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებაზე დალუქული პაკეტის გახსნის და ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ, რომელიც კომისიამ განიხილა წარდგენიდან 1-2 საათში, 22 ოქტომბერს გამთენიისას. წარსულში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე საოლქო კომისიას „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარზე ასეთი მყისიერი რეაგირება მოეხდინა. ნიშანდობლივია, რომ საოლქო კომისიები თითქმის არასდროს აკმაყოფილებენ დალუქული პაკეტების გახსნის და ხმების გადათვლის მოთხოვნას, მაშინაც კი, როცა მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი. საოლქო კომისიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადება სრულიად დაუსაბუთებელია, არანაირ ინფორმაციას შეიცავს იმის შესახებ, თუ რა დარღვევას ჰქონდა ადგილი ხმის დათვლის დროს, და მხოლოდ გაურკვეველ ვარაუდს ემყარება: „თიანეთის #19 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი #20 საუბნო საარჩევნო კომისიის ბათილი ბიულეტენების გადამოწმების მიზნით მოგმართავთ თხოვნით გახსნათ და გადაამოწმოთ დალუქული პაკეტი, რომელშიც ბიულეტენებია მოთავსებული ვინაიდან შესაძლოა სადავო ბათილი ბიულეტენების შედეგად გადაწყდეს მთლიანი არჩევნების ბედი“. მოყვანილი გარემოებები ეჭვის ქვეშ აყენებს მოცემულ ოლქში მერის არჩევნების შედეგებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მხოლოდ ოთხი ხმით გაიმარჯვა. საზოგადოების ნდობისა და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თიანეთის #20 საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად იქნას ცნობილი და გაიმართოს განმეორებითი კენჭისყრა“, - ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)