|
2017-10-19 18:52:54, 2161 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: გრძელვადიან პერიოდში, ვალის მოცულობა 37%-მდე უნდა შემცირდეს
„ჩვენს ქვეყანაში დაჩქარებული ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფონზე, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სესხებით ფინანსდება და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ვალი 2020-2021 წლებამდე 45 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. თუმცა, უფრო გრძელვადიან პერიოდში, ბიუჯეტის დანართით წარმოდგენილი ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვითაა შედგენილი, ვალის მოცულობა 2024 წლისათვის 37%-მდე პროცენტამდე უნდა შემცირდეს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, მთავრობა სესხების აღებით არ აფინანსებს მიმდინარე ხარჯებს. ბიუჯეტის საოპერაციო სალდო (მიმდინარე შემოსავლებს მინუს მიმდინარე ხარჯები) მუდმივად დადებითია. „2018 წლისთვის საოპერაციო სალდო 1,9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე შემოსავლები აფინანსებს მიმდინარე ხარჯებს და დარჩენილი 1,9 მლრდ ლარი მიემართება კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად, ასევე, სესხების გასასტუმრებლად. მთავრობის მიერ დასახული ეკონომიკური მიზნის მისაღწევად 1,9 მლრდ-ის ინვესტირება (მშპ-ის 4,9 პროცენტი) არაა საკმარისი. სწორედ ამ მიზნით ხდება დამატებით საგარეო და საშინაო ბაზარზე ფინანსური რესურსების მობილიზება," - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.
როგორც მან განაცხადა, მიუხედავად იმისა, იქნება სესხი კონკრეტულ პროექტზე მიბმული თუ არა, ყველა სესხი აფინანსებს კაპიტალურ ხარჯებს (აღებული სესხების ნაწილით ხდება ძველი სესხების დაფარვაც, ანუ ამცირებს სესხის მოცულობას). „ბოლო წლებში გლობალურად ძლიერი დოლარის გამო, ბევრ ქვეყანას გაეზარდა სახელმწიფო ვალი. ამ კუთხით, საქართველო არ არის გამონაკლისი. სწორედ ეს იყო სახელმწიფო ვალის ზრდის მთავარი მიზეზი. თუმცა, სახელმწიფო ვალის ნომინალური ღირებულება დოლარში სტაბილურია. მაგალითად, 2013 წლის ბოლოს, სახელმწიფო საგარეო ვალის ოდენობა აშშ დოლარში 4.2 მილიარდი იყო, იგივე მაჩვენებლები ფიქსირდება 2016 წლის ბოლოს - 4,5 მილიარდი აშშ დოლარი. ანუ 2013-2016 წლებში, დოლარში საგარეო ვალი გაიზარდა მხოლოდ 0,3 მილიარდი დოლარით, ანუ საშუალოდ წლიურად უცხოური ვალი მხოლოდ 2 პროცენტით იზრდება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)