|
2017-10-18 10:34:21, 1820 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ტექნოლოგიურ სიახლეებს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა და მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრები იმ ქვეყნების დიპლომატებთან, საიდანაც საქართველოში ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი ჩამოდის, რათა მათ მოქალაქეებს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ ჰქონდეთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და რაც მთავარია, იცოდნენ, რომ საქართველოს შსს და პოლიცია დიდ რესურსებს ხარჯავს განვითარებაზე, რათა გამოწვევებზე ორი ნაბიჯით წინ იყოს“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები სტუმრებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებაზე, ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს ადგილზე გაეცნენ. სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრში მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ პროექტზე - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს. შს მინისტრის მოადგილე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პოლიციის ტექნოლოგიური რეფორმის და მისი ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ ესაუბრა. შალვა ხუციშვილმა სტუმრებს ორი სიახლის შესახებ აცნობა. კერძოდ: მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდება. აღნიშნული კამერების ადმინისტრირება შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება და სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ავტომატურ რეჟიმში დააფიქსირებს. ასევე, 1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)