|
2017-09-18 15:40:12, 1822 ნახვა
ეკონომიკა
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა
2017 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული კვარტალური გაანგარიშების მიხედვით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2017 წლის პირველ კვარტალში 5.1%, ხოლო მეორე კვარტალში 4.7% შეადგინა. შესაბამისად, 2017 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა. კვარტალური კვლევის მიხედვით, დაზუსტებული მეორე კვარტლის რეალური ზრდის მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება ყოველთვიური შეფასებების მიხედვით გაანგარიშებულ ეკონომიკურ ზრდას. კვარტალური კვლევა ინფორმაციის წყაროების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება ყოველთვიური ოპერატიული კვლევისაგან და იგი ეფუძნება როგორც საწარმოთა, ასევე შინამეურნეობების, ფასების, სოფლის მეურნეობის და დაუკვირვებადი ეკონომიკის სტატისტიკურ გამოკვლევას. შესაბამისად, იგი მოიცავს უფრო დეტალურ და სრულ ინფორმაციას, რამაც განაპირობა განსხვავება ყოველთვიური შეფასებისაგან. 2017 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი მშენებლობის (1.5 პპ), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (0.7 პპ), ვაჭრობისა (0.6 პპ) და უძრავი ქონების სექტორებმა შეიტანეს (0.5 პპ). რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კერძო სექტორის აქტივობის ზრდით არის განპირობებული, რაზეც ნათლად მიანიშნებს კერძო სექტორის აქტივობის შეფასებისათვის გამოყენებული ყველა მაჩვენებელი: 2017 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წელთან შედარებით 16.9%-ით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 18.9%-ით არის გაზრდილი. ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ხელი შეუწყო ბიზნეს სექტორში დასაქმების ზრდასაც და სექტორში დასაქმება გაიზარდა 5.0%-ით. 2017 წლის დასაწყისიდან ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. 2017 წლის იანვარ - აგვისტოში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28.5%-ით. ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამაც, რაც მომსახურების ექსპორტს წარმოადგენს. იანვარ-აგვისტოში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 29.1%-ით გაიზარდა და 1,859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შემდგომი წლების განმავლობაშიც.
(NS)
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)