|
2016-05-19 18:15:35, 790 ნახვა
სამხედრო
ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) პირველი საველე სწავლება გაიმართა
„სწორედ დღეს, პირველად ნატო-საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე და საფეხურზე გადავიდა“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) პირველი საველე სწავლება გაიმართა. სწავლების დაწყებამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, პოლკოვნიკებმა ომარ ბეგოიძემ და ნიკოლოზ აგლაძემ, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა JTEC-ის დაარსების, ცენტრში მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ გამართა. ნორიოს საწვრთნელ ბაზას ესტუმრნენ ასევე, საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC), თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წევრები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა საწვრთნელი ბაზის პოლიგონზე გადაინაცვლეა. საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა თავდაცვითი ოპერაცია განახორციელეს. ამოცანის ფარგლებში ერთ-ერთი ოცეულის დავალება მოუმზადებელი ჩასაფრება და მოწინააღმდეგის განადგურება იყო. განხორციელდა ოპერაციის შედეგად დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის საჰაერო-სამედიცინო ევაკუაციაც. სწავლების დროს ქვედანაყოფმა „მაილსის“ ლაზერული სისტემები გამოიყენა. JTEC-ის პირველ საველე სწავლებას ცენტრის ქართველი შემფასებლებმა აკვირდებოდნენ, ნატოელმა პარტნიორებმა კი ქვედანაყოფს მხარდაჭერა გაუწიეს. ოპერაციის დასრულების შემდეგ, შემფასებლებმა ასეულს ის ხარვეზები და დადებითი მხარეები გააცნეს, რაც სწავლების პროცესში გამოვლინდა. ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი საველე სწავლების ჩატარების მნიშვნელობასა და ცენტრის სამომავლო გეგმებზე თავდაცვის მინისტრმა გაამახვილა ყურადღება. „მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრი რეალურად გვექცია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცენტრი გაცილებით უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს და მომავალ წელს უკვე ჩვენი შეიარაღებული ძალები ასეულიდან ბატალიონის, შემდეგ ბრიგადის დონის შეფასებაზეც გადავა. JTEC იქნება იმ ტიპის ადგილი, იმ ტიპის სასწავლო ცენტრი საქართველოში, როგორიც ნატოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და მოემსახურება არა მხოლოდ ქართულ შეიარაღებულ ძალებს, არამედ, პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებსაც შეფასების პროცესში,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. ღონისძიების დასასრულს JTEC-ის პირველი საველე სწავლებისა და მისი ჩატარების მნიშვნელობის შესახებ შეფასებები გააკეთეს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ, ასევე ლიტვისა და ნორვეგიის ელჩებმა - გიედრიუს პუოჯუნასმა და ბარდ ივარ სვედსენმა. „მინდა მივულოცო ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის წარმომადგენლებს, რომლებმაც განავითარეს ეს ორგანიზაცია და ჩაატარეს ეს წვრთნები. დღეს ნანახი პრაქტიკული სწავლება კონცენტრირებულია ჯარისკაცზე და მათი შესაძლებლობების გაძიერებაზე, რომ უფრო ეფექტურად დაიცვან საქართველო. ეს არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მიმართ ნატოს სიმბოლური ვალდებულება. ეს ასევე გამოხატავს საქართველოს სიმბოლურ ვალდებულებას ალიანსთან თანამშრომლობის კუთხითაც. დღეს ნანახი მხოლოდ დასაწყისია. ეს პროცესი წლების შემდეგ კიდევ უფრო დაიხვეწება. სამომავლოდ ჩამოყალიბდება უფრო ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ სწავლებებს, როგორც ქართველი სამხედროებისთვის, ასევე ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. ალიანსის წევრი სამხედროები შეძლებენ ჩამოვიდნენ საქართველოში და ისწავლონ ნატოს სტანდარტების შესაბამისად ქართველებთან ერთად, ქართულ მიწაზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ცენტრის წარმომადგენლებს და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აღნიშნული საქმის გაკეთებაში,“ - განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ. დღევანდელი საველე სწავლება თერთმეტი როტაციული სწავლებიდან პირველი წვრთნაა, რომლებიც JTEC-ში 2016 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. იგი უზრუნველყოფს მკაცრ და რთულ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული ასეულების უმეტესი ნაწილებისთვის.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)