|
2026-09-30 11:31:09, 488 ნახვა
არსენალის მთაზე დაგეგმილი სამთავრობო ქალაქისთვის გზების პროექტირებაზე ₾10.3 მლნ-ის შესყიდვა გამოცხადდა
არსენალის მთაზე დაგეგმილი „სამთავრობო ქალაქის“ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მისასვლელი გზების ალტერნატიული მარშრუტების კვლევასა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას გეგმავს. შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10.3 მილიონი ლარია. აღნიშნული ტერიტორია ამჟამად ქალაქის სატრანსპორტო კვანძებს ძირითადად ვიწრო და დაბალი გამტარიანობის გზებით უკავშირდება, სწორედ ამიტომ მთავრობა ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობამდე ჯერ ახალი გზების დაპროექტებას გეგმავს. გამოცხადებული შესყიდვის მიხედვით, სამუშაოების ძირითადი მიზანია არსენალის მთასთან მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტების გამოვლენა და მათი თბილისის არსებულ სატრანსპორტო ქსელთან უსაფრთხო და ეფექტიანი ინტეგრაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. მომსახურების ხანგრძლივობა 18 თვეა, ხოლო კონსულტანტის შერჩევა ხარისხსა და ღირებულებაზე დაფუძნებული მეთოდით (QCBS) იგეგმება. ინტერესის გამოხატვის წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 27 ნოემბერია, სამუშაოების დაწყება კი სავარაუდოდ 2027 წლის ივლისშია დაგეგმილი. პროექტი ორ ეტაპად იყოფა. პირველ, 8-თვიან ეტაპზე კონსულტანტმა არსენალის მთასთან მისასვლელი გზების ალტერნატივები უნდა შეისწავლოს ტექნიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. დოკუმენტაციის მიხედვით, განიხილება სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებით მინიმუმ ორი ძირითადი დამაკავშირებელი გზის მოწყობა, თუმცა კვლევა მხოლოდ ამ მიმართულებებით არ შემოიფარგლება. თითოეული მიმართულებისთვის მინიმუმ სამი ალტერნატიული ვარიანტის წარმოდგენაა გათვალისწინებული. საბოლოო გადაწყვეტილებას მეორე ეტაპის გაგრძელების შესახებ გზების დეპარტამენტი პირველი ეტაპის კვლევის შედეგების საფუძველზე მიიღებს. მეორე ეტაპი დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს. პროექტირებისას ყურადღება უნდა დაეთმოს გზების არსებულ ქსელთან დაკავშირებას, სატრანსპორტო ნაკადების განაწილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებსა და გაჩერებებს, სატრანსპორტო კვანძებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას. კვლევის ფარგლებში ასევე უნდა მომზადდეს განსახლების პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც შესაძლო კერძო მიწების შეძენას, მოსახლეობისა და კომერციული ობიექტების ფიზიკურ გადაადგილებასა და სხვა სოციალურ შედეგებს შეეხება. გზების ახალი ინფრასტრუქტურის საჭიროება არსენალის მთაზე დაგეგმილი მასშტაბური ადმინისტრაციული განვითარების პროექტს უკავშირდება. საქართველოს მთავრობამ ტერიტორია „სამთავრობო ქალაქისთვის“ 2025 წლის ბოლოს განსაზღვრა, ხოლო 2026 წელს ამ პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილის ხელშეწყობისთვის უწყებათაშორისი კომისიაც შეიქმნა. არსენალის მთის დაახლოებით 77 ჰექტარზე ჯამში არანაკლებ 282,750 კვადრატული მეტრის საოფისე და ადმინისტრაციული შენობების განთავსებაა გათვალისწინებული. მათ შორის უნდა განთავსდეს პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები, თბილისის მერია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და სხვა სახელმწიფო უწყებები. ასევე დაგეგმილია არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრის ღონისძიებების დარბაზი. პროექტის მოცულობიდან გამომდინარე, ახალი ადმინისტრაციული ცენტრისთვის გათვალისწინებული იქნება დიდი რაოდენობით ყოველდღიური სატრანსპორტო გადაადგილება, რის გამოც გზების დეპარტამენტის ახალი შესყიდვა სწორედ ტერიტორიის ქალაქის სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირების საკითხზეა ორიენტირებული. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გზების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, კომერციული და სატრანზიტო ზონიდან მომავალი ნაკადების ეფექტიანი განაწილება. ამ ეტაპზე არსენალის მთის განვითარების პროექტის არქიტექტურული ნაწილი სრულად განსაზღვრული არ არის. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2026 წლის იანვარში გამოაცხადა ტენდერი ტერიტორიის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მოსამზადებლად, თუმცა ტენდერი მოგვიანებით სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების მიზეზით შეწყდა. შეწყვეტის მომენტისთვის ექვს საინჟინრო-არქიტექტურულ კომპანიას წინადადებები უკვე წარდგენილი ჰქონდა, მათი შეთავაზებების ღირებულება კი 3.3-დან 4.4 მილიონ ლარამდე მერყეობდა. ტერიტორიაზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობები:
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მოწყობის შესახებ განცხადება 2025 წლის დეკემბერში გააკეთა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი საოფისე შენობების აშენების შემდეგ მთავრობა სამინისტროების ძველ შენობებს გაყიდდა.
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
აშშ-მ ირანისთვის იარაღის მიწოდების დახმარების გამო რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)