|
2026-08-08 12:42:53, 243 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ოკუპანტი ქვეყნის უწყება განცხადებაში ქართულ მხარეს კვლავ აგრესორად ახასიათებს და ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად ახასიათებს "საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებებს აფხაზებსა და სამხრეთ ოსებს შორის შერიგების აუცილებლობის შესახებ". ცნობისთვის, 2024 წელს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად", რადგან "მოღალატე" ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს "ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". გთავაზობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულ განცხადებას: დღეს 18 წელი სრულდება სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიდან. 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს მ. სააკაშვილის რეჟიმმა, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით, ვერაგული აგრესია განახორციელა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რასაც მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს სამშვიდობოებს შორის მრავალი მსხვერპლი მოჰყვა. საქართველოს მხრიდან თავდასხმის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, მათ შორის - ევროკავშირის ეგიდით შექმნილი საქართველოში კონფლიქტის ფაქტების დამდგენი საერთაშორისო დამოუკიდებელი მისიის ანგარიშში, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰ. ტალიავინი ხელმძღვანელობდა. მსოფლიო თანამეგობრობის უმოქმედობის ფონზე, რუსეთი იძულებული გახდა, წინ აღდგომოდა აგრესორს და ჩაეტარებინა ოპერაცია საქართველოს მშვიდობისკენ იძულების მიზნით. თბილისის მიერ "დაკარგული" ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნების ნებისმიერი მცდელობის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. შემდგომში მოსკოვი მუდმივად უწევდა მასშტაბურ დახმარებას ორივე რესპუბლიკას მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფაში. ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა. 2008 წლის ოქტომბერში, საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების კონფლიქტის შემდგომი მოგვარების მიზნით, დაიწყო საერთაშორისო დისკუსიები ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები). დიდწილად მათი და მათ ფარგლებში შექმნილი ურთიერთქმედების მექანიზმების წყალობით, ამ წლების განმავლობაში შესაძლებელი გახდა სამი სახელმწიფოს საზღვრებთან შედარებითი სიმშვიდის შენარჩუნება. ადასტურებს რა ამ მოლაპარაკებების ფორმატში მუშაობის გაგრძელების ურყევ ერთგულებას, რუსული მხარე ყველა მონაწილეს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრიორიტეტული ამოცანის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის - გადაწყვეტას. ამასთან დაკავშირებით, რუსეთი ელოდება, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყება პრაქტიკული მუშაობა თბილისს, ერთი მხრივ, და სოხუმსა და ცხინვალს, მეორე მხრივ, შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავებისა და ხელმოწერის მიზნით. ასეთი სამართლებრივად სავალდებულო ვალდებულებების მიღება 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორებისგან საიმედო გარანტია იქნება. სასაზღვრო რაიონებში ვითარების სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა შეიტანოს საქართველო-სამხრეთ ოსეთისა და საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებამ, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს. ეს ამოცანები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დასავლური ძალების, კიევის „ნაცისტური რეჟიმისა“ და ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობების ფონზე, ჩართონ თბილისი სამხრეთ კავკასიაში ახალ სისხლიან ავანტიურებში. მოსკოვში აღნიშნავენ, რომ ქართულ საზოგადოებაში კვლავ მიმდინარეობს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გადააზრების მცდელობები. ამასთან, დასაბუთებულად მიიჩნევა მ. სააკაშვილის რეჟიმისთვის შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაზე სრული პასუხისმგებლობის დაკისრება. ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებსა და სამხრეთ ოსებს შორის შერიგების აუცილებლობის შესახებ, რაც იმედს აჩენს, რომ მიდგომების აღნიშნული ცვლილება მხოლოდ დეკლარაციების დონეზე არ დარჩება და გამყარებული იქნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯებით. რუსული მხარე მზად არის, მომავალშიც ყოვლისმომცველი დახმარება გაუწიოს მხარეებს მოლაპარაკებების პროცესის წინსვლაში, ნდობის განმტკიცებასა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)