21:21 - 02 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-02 13:37:00, 313 ნახვა

პოლიტიკა
ეკონომიკური ზრდა, ურთიერთობა აშშ-EU-უკრაინასთან - რა წერია ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უკვე წარუდგინა წლიური წერილობითი ანგარიში ქართული ოცნების პარლამენტს. ანგარიშს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

მასში, მათ შორის, საუბარია საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე.

"საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს მთავრობის ამოცანაა, მიღწეულ იყოს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, ყველა მიმართულებით თანამშრომლობის სრული მოცულობით განახლებასა და განვითარებას", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ამჟამად მიმდინარეობს აქტიური პოლიტიკური დიალოგი აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რათა მოხდეს აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. მთავრობის ცნობით, მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, საგარეო უწყება ამერიკულ მხარესთან მუშაობს ახალი ორმხრივი დღის წესრიგის შემუშავებაზე, რომელშიც ასახული იქნება ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და რომელიც ეფექტიანად მოემსახურება ჩვენს ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ მიზნებს".

ამასთან, ანგარიშში საუბარია ევროკავშირთან ურთიერთობებზეც და აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ევროინტეგრაციის დღის წესრიგში არსებული ვალდებულებების განხორციელება.

დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის 12 აგვისტოს გაიმართა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა, რომლის ფარგლებშიც, მოწონებული იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2025 წლის სამოქმედო გეგმა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში.

"ამასთან, მომზადდა 2025 წლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიშის პროექტი, ასევე შემუშავდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი. გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშების კონტექსტში, მომზადდა და ევროკომისიას მიეწოდა საქართველოს კონტრიბუცია. ევროკომისიის ოფიციალური მომართვის საფუძველზე, მომზადდა და ევროკომისიას 2025 წლის 31 აგვისტოს მიეწოდა განახლებული ინფორმაცია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის 2024 წლის ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების შესახებ. ხოლო, 2026 წლის იანვარში, მომზადდა და ევროკომისიას, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიეწოდა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის 2025 წლის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით მოცემულ შეფასებებზე ქართული მხარის კომენტარების ამსახველი დოკუმენტი", - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ქართული ოცნების პრემიერი ანგარიშში კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აგრძელებდა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობას.

აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების გარდა, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ურთიერთობაზე უკრაინასთან და აღნიშნულია, რომ "საქართველო კვლავ ურყევად განაგრძობდა უკრაინის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაწევას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში".

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველომ დაასპონსორა/მხარი დაუჭირა 850-ამდე რეზოლუციას/გადაწყვეტილებას/დეკლარაციას/რეკომენდაციას, გააკეთა 380-ზე მეტი ეროვნული განცხადება.

"ეუთო-ს ფარგლებში, საქართველომ მხარი დაუჭირა „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას რუსეთთან მიმართებით. საქართველო ასევე გახდა უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივრების კომისიის დამფუძნებელი კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის მაღალი დონის შეხვედრაში. ქართული მხარე მონაწილეობდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ეგიდით გამართულ შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში.

საანგარიშო პერიოდში საქართველო კვლავ აქტიურად ახორციელებდა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სოციალური თუ საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით. ასევე, უკრაინის ენერგეტიკული საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ უზრუნველყოფილ იქნა გენერატორების მიწოდება ჰუმანიტარული დახმარების სახით", - აღნიშნულია ანგარიშში.

ქართული ოცნების პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს გრძელდებოდა ძალისხმევა რეგიონული დაკავშირებადობის ჭრილში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის როლის კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით.

ირაკლი კობახიძე მიუთითებს, რომ საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა, ევროკავშირის დაკავშირებადობის დღის წესრიგის წინსვლის თვალსაზრისით, ხაზგასმულია მის სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის ფარგლებში.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა კვლავ არის, უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის".

გარდა ამისა, ნათქვამია, რომ "გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა".

ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას ქართული ოცნების პრემიერი აღნიშნავს, რომ 2025 წელს საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელმაც 7.5% შეადგინა. 2025 წელს, მშპ-მ 104.6 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 28,235 ლარს – 10,297 დოლარს გაუტოლდა.

ქართული ოცნების პრემიერი ამ ანგარიშს პარლამენტს ზეპირი ფორმით თავად წარუდგენს, თუმცა როდის, ჯერჯერობით უცნობია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
პენცენტრი: თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ბნელ წლებში აბრუნებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა
ქარტია: აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics