14:37 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 12:43:21, 317 ნახვა

პოლიტიკა
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს განცხადებასავრცელებს, სადაც ქართული მედიის გამოწვევებზე წერს.

TI წერს, რომ მწირი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, ოცნების მიერ მათი გაჩუმების მცდელობების მიუხედავად, ქართული კრიტიკული მედია კვლავ ასრულებს მთავარ მოვალეობას - საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას.

მათივე თქმით, 2026 წელი პრეცედენტული გამოდგა, ვინაიდან გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული TV იმედი და POSTV დაასანქცირა. 

"კრიტიკული მედიის მიმართ წნეხს ნათლად წარმოაჩენს ბოლო წლების საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ასობით შემთხვევას აღწერს და ინახავს. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2026 წლის პირველი ოთხი თვე აღმოჩნდა. საანგარიშო პერიოდში (იანვარი-აპრილის ჩათვლით) საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ 60-მდე ასეთი შემთხვევა აღნუსხა. ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელია და დამნაშავე პირები პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი. დამნაშავეთა დაუსჯელობის დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა ამგვარ შემთხვევებს კიდევ უფრო ახალისებს და ჟურნალისტურ საქმიანობას სულ უფრო მოწყვლადს ხდის.

ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისთვის საგანგაშოდ რთულ სამუშაო გარემოს წარმოაჩენს ჟურნალისტების უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე-ს (RSF) მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, პრესის თავისუფლების გლობალური ინდექსში საქართველოს მაჩვენებლი 21 პოზიციით გაუარესდა და 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილიზე დაქვეითდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ჟურნალისტებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის შემთხვევებიდან სამი ძირითადი კატეგორია გამოყო, რომლებიც ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენენ იმ მტრულ გარემოს, რომელშიც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება. ესენია: მუქარა, ფიზიკური თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა; სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა მედიის წინააღმდეგ; კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. სხვა ტიპის ხელშეშლის შემთხვევები რაოდენობრივად საერთო რიცხვშია ასახული.

ქვემოთ 2026 წელს დაფიქსირებული ამგვარი შემთხვევების მხოლოდ ნაწილია აღწერილი:

მუქარა, ფიზიკური თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა

  • 17 იანვარს, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა და საავტორო გადაცემის შაბათის ფორმულას წამყვანმა, დავით ქაშიაშვილმა სოციალურ ქსელში მუქარის წერილი მიიღო მას შემდეგ, რაც შაბათის ფორმულაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც კორუფციულ სქემებში ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, გოგა ხაინდრავას შესაძლო თანამონაწილეობას შეეხებოდა.

  • 26 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, ფორმულას ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ტელეფონი წაართვეს, გადაღებული კადრები წაუშალეს და დაჭერით დაემუქრნენ.

  • 9 თებერვალს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი მამაკაცი დაემუქრა ონლაინგამოცემების პუბლიკასა და OC მედიას ჟურნალისტებს - მინდია გაბაძეს და მარიამ ნიკურაძეს.

  • 11 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო პარაგრაფთან ონლაინგამოცემა პუბლიკას ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, სადაც საქართველოში ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობდა. მას ჩოხაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა ტელეფონი წაართვა და გადაუგდო, შემდეგ კი გადაღებული მასალის წაშლა აიძულა.

  • აპრილის დასაწყისში, ხადას ხეობაში ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო შექმნილი პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ მთის ამბებისა და საქართველოს ამბების გადამღებ ჯგუფს ადგილზე მყოფი პირები დაუპირისპირდნენ. მათ ჟურნალისტებს გადაადგილება შეუზღუდეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტებს  სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.

  • 11 აპრილს, საქართველოში მცხოვრებმა უნგრელმა, ვიქტორ ორბანის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილმა ჟურნალისტმა, ლასლო რობერ ბეზესმა განაცხადა, რომ მას თბილისში უნგრეთის საკონსულოში ვიზიტისას, უცნობი ქალი დახვდა, დაკითხა და ციხით დაემუქრა.

  • ბოლო რამდენიმე თვეა, ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია თრიალეთის მიმართ ზეწოლისა და საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაზე საუბრობს რეგიონული ტელეკომპანია თრიალეთი. ტელეკომპანიის განცხადებით, სწორედ ამას ემსახურება მათ ფინანსურ ანგარიშებზე ბოლო ერთ წელში რამდენჯერმე დადებული ინკასო.

სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ

შემაშფოთებელია ქართული ოცნების მხრიდან სასამართლო და სამართალდამცველი სისტემების დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გამოყენების მავნე პრაქტიკა, რომელიც ბოლო წლების საგანგაშო ტენდენციად ჩამოყალიბდა და კრიტიკული ხმის ჩახშობის აქტიურ ინსტრუმენტად იქცა. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ე.წ. გზის გადაკეტვის საბაბით ადმინისტრაციული საქმეების წარმოების დაწყება, დაჯარიმება და მათი ანგარიშების დაყადაღებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შემთხვევების დიდი ნაწილი, საბოლოოდ, სასამართლოს მიერ საქმეების შეწყვეტით სრულდება, ის მედიის წარმომადგენლების დაშინების და ზეწოლის მცდელობად უნდა განვიხილოთ, რადგანაც მათი საბოლოო მიზანი ჟურნალისტებში თვითცენზურის ჩამოყალიბება და ე.წ. "შემაკავებელი ეფექტის" (Chilling effect) გაღვიძებაა.

  • 16 იანვარს, ონლაინგამოცემა მაუწყებლის ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი 5 000 ლარით დააჯარიმეს. შსს მას 2026 წლის აგვისტოში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. "გზის გადაკეტვას" ედავებოდა.

  • 18 თებერვალს, ე.წ. "ქოლ ცენტრების" საქმეზე თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი, ელისო კილაძე. იგი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მიუხედავად საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, მისი სასამართლო სხდომები მედიისთვის დახურულია. ბრალდებამ ეს მოწმეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებით დაასაბუთა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება. დაკავებული ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და დაპატიმრებას ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობის საქმეში მის მიერ "ყველა შეკერილი ბრალის" მხილებისთვის ხელისუფლების მხრიდან შურისძიებას უკავშირებს.

  • 4 აპრილს, თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. იგი, 5 აპრილს ქვეყნიდან აზერბაიჯანში გააძევეს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ჟურნალისტის აზერბაიჯანისთვის გადაცემა ეკრძალებოდა. სადიგოვის დაკავებამ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის ერთგვარი ფარული შეთანხმების განცდა გააჩინა, რამდენადაც სადიგოვის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, აზერბაიჯანის პროკურატურამ მას მოულოდნელად ყველა ბრალი მოუხსნა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დახურა. ამის შემდეგ, ორ დღეში, სადიგოვს  თბილისში შაბათს გვიან ღამით აკავებენ და კვირას გამთენიისას კი - უკვე აზერბაიჯანში აძევებენ.

  • 19 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტი, გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია ფორმულას სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანისთვის 10 000 ლარს და მის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფას ითხოვს, კორუფციულ სქემებთან მისი სავარაუდო კავშირის თაობაზე. საგულისხმოა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები კრიტიკული მედიების წინააღმდეგ აქტიურად მიმართავენ ე.წ. "SLAPP სარჩელებს" (სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ), რომელთა მიზანიც ჟურნალისტების გაჩუმება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და სამართალწარმოების გზით მედიისთვის ცენზურის დაწესებაა. ამ დროისთვის საქართველოში 40-ზე მეტი ასეთი სარჩელია აღრიცხული.

  • მარტი-აპრილის თვეებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. გზის და ტროტუარის "გადაკეტვის" საბაბით ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული არაერთი ადმინისტრაციული საქმე განიხილა. მათ შორის იყვნენ: ონლაინგამოცემა ტაბულას ჟურნალისტი მარიამ კუპრავა; ონლაინგამოცემა ნეტაზეთის ჟურნალისტი მარიამ ძიძარია; ფოტოგრაფი გიორგი თარხნიშვილი; მედიაჩეკერის ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. ყველა მათგანი ადგილზე, სხვადასხვა დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

  • აპრილის თვეში, ე.წ. გზის "გადაკეტვის" საბაბით ანგარიშები დაუყადაღეს ტელეკომპანიების - ფორმულასა და ტვ პირველის ჟურნალისტებს - ლიზა ციციშვილსა და მაკა ჩიხლაძეს.

  • 1 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტვ პირველის ჟურნალისტების - ნანუკა ქაჯაიას, ნატალია ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია პოსტვის წინააღმდეგ, სადაც ისინი ამ უკანასკნელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდნენ, თითქოს კოკა-კოლას დირექტორის, თემურ ჭყონიასგან ფინანსდებიან.

  • 15 და 20 აპრილს, ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაშვებული 6 თანამშრომლის სარჩელებიც, რომლებიც სამსახურიდან მათი გათავისუფლების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ

კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის დევნისა და გაჩუმების კიდევ ერთ იარაღად არის გამოყენებული. ამ მიმართულებით საფრთხე კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც გასული წლის აპრილში, კომისიას მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების ბერკეტი გადაეცა, რომლის გამოყენებაც მარეგულირებელმა აქტიურად დაიწყო 2026 წლის 2 აპრილს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ორი პროპაგნადისტული პროსამთავრობო ტელევიზია იმედი და პოსტვ დაასანქცირა რუსული პროპაგანდის გავრცელებისა და მხარდაჭერის გამო.

კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების ფორმულასა და ტვ პირველის გადაცემები შერჩევითად დაამონიტორინგა და მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა შემდეგი ტერმინების გამოყენებისთვის: "რეჟიმი", "ოცნების პროკურატურა", "ოლიგარქის გუნდი", "ოცნების მთავრობა", "ივანიშვილის პრემიერმინისტრი", "ივანიშვილის დეპუტატი", "ქართული ოცნების პოლიცია", "ე.წ. განათლების რეფორმა", "აქტივისტებზე ნადირობის ღამე" და სხვა. კომისიის მიერ ყოველი შემდგომი ასეთი „დარღვევის“ შემთხვევაში, ტელევიზიები ფინანუსრი სანქციების დაწესების, ასევე მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგებიან. ამასთან, კომისიის ეს გადაწყვეტილება საგანგაშო პრეცედენტს ქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით და აწესებს პირდაპირ ცენზურას.

კიდევ უფრო ადრე, 22 იანვარს, კომისიამ რეგიონული სათემო რადიო მარნეული ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან (NED) მიღებული გრანტის (32 541.60 ლარის ოდენობით) გამო წერილობით გააფრთხილა. 16 თებერვალს კომისიამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო ტელეკომპანია კავკასიისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაკეთებული შემოწირულების გამოც." - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics