14:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-22 12:05:54, 314 ნახვა

პოლიტიკა
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 52% (2 048 577 კაცი) ქალია, ხოლო 48% (1 881 004 კაცი) - კაცი.

„დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 0.4%-ით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ (3 914 000 კაცი) წინასწარ მონაცემთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობის 52% (2 048 577 კაცი) ქალია, ხოლო 48% (1 881 004 კაცი) - კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და შეადგენს 54%-ს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში და შეადგენს 49%-ს.

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 62 პროცენტი (2 442 231 კაცი), ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში 38 პროცენტი (1 487 350 კაცი). რეგიონების მიხედვით, საქალაქო ტიპის დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (67 პროცენტი), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით. საქალაქო ტიპის დასახლებებში მცხოვრებთა წილი შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში და შეადგენს 24 პროცენტს.

საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე მაღალია 35-39 (7.6 პროცენტი), 10-14 (7.4 პროცენტი) და 30-34 (7.2 პროცენტი) ასაკობრივი ჯგუფების მოსახლეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ქალების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კაცების რიცხოვნობას.

2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს 1 331 485 კაცი, რაც საქართველოს მოსახლეობის 34 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 კაცი) და ქვემო ქართლის (441 630 კაცი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია. აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვით რეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვით რეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით გაგრძელდა მთელი დეკემბრის განმავლობაშიც.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება - მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღწერის წინასწარი შედეგები, რომელიც მოიცავდა მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების, თვითმმართველი ერთეულების, საქალაქო-სასოფლო ტიპის დასახლების და სქესის მიხედვით, გამოქვეყნდა 2025 წლის ივნისის ბოლოს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics