|
2026-04-03 14:08:41, 290 ნახვა
პოლიტიკა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
მოსკოვის მექანიზმის მომხსენებელმა, საქართველოს საკითხზე მომზადებული ანგარიშის ავტორმა პატრიცია გრჟებიკმა ინტერპრესნიუსთან განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების რეაქცია ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის მიმართ - "განსაკუთრებით მტრულია". ინტერვიუში ის ამბობს, რომ არ ჰქონია მიზნად "იურიდიული ომის დაწყება, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს" და აღნიშნავს, რომ მიზანი იყო მისიის შესრულება და სხვადასხვა შესაძლო გზების ჩვენება. ავტორმა ქართული ოცნების მთავრობის მხრიდან მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ არაერთ ბრალდებას და კრიტიკულ განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ მომხსენებლად დანიშვნისა და მისიის შესრულების პროცესში არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია არ მიუღია. კითხვას, როგორ აფასებს ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებას მისიაში საქართველოდან ექსპერტის არჩართვაზე და რამდენად ჩანდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ექსპერტული მუშაობის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, ის პასუხობს: "ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მთელი ვიზიტი საუკეთესოდ იყო ორგანიზებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის უმაღლესი თანამდებობის პირებს. ასევე, მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩემი აზრით, შეხვედრები კონსტრუქციული იყო, მქონდა კითხვების დასმის შესაძლებლობა, მივიღე პასუხები და ქვეყნის დატოვების შემდეგაც კი მივიღე დამაზუსტებელი პასუხები. ვეცადე, სახელმწიფოს პოზიცია ანგარიშში წარმომედგინა. შევნიშნე, რომ ხელისუფლების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია ჩემი ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის მიმართ. ასევე, ჩემი აზრით, ანგარიშში ფაქტები წარმოდგენილია სამართლიანად, სხვადასხვა ჩართული პირის, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის დაფიქსირებით. არც ერთი შეხვედრის დროს მე არ მიგრძნია სკეპტიკური დამოკიდებულება, არამედ თანამშრომლობის სულისკვეთება და საქართველოში არსებული სიტუაციის გარკვევის სურვილი". ამასთან, ინტერვიუში მან თქვა: "მე არ ვყოფილვარ დანიშნული პოლონეთის მიერ, არამედ ვიყავი დანიშნული ეუთოს მიერ და შევასრულე სწორედ ეუთოს მომხსენებლის მოვალეობა. ჩემთვის ცნობილი არ არის „მოსკოვის მექანიზმის“ ინიცირების მიზნით სახელმწიფოთა კოალიციების შექმნის პროცესი, შესაბამისად, არ ვიცი, რა სახის იყო პოლონეთის უშუალო ჩართულობა. მე უნდა შემესრულებინა მისია, რომელიც მოითხოვდა ჩემს სამართლებრივ ცოდნას და ნებისმიერი სახის პოლიტიკური მოტივაცია არარელევანტური იყო ჩემი მისიისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ არ ვარ პოლონეთის ხელისუფლების მიერ დასაქმებული. ვარ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი. ექსპერტად ყოფნისას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ წარსულში მთხოვა ექსპერტის მოსაზრებები. მართლაც, მე ვიყავი პოლონეთის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი წამების საწინააღმდეგო კომიტეტში, მაგრამ როგორც CAT-ის წევრობის აღწერაში შეიძლება წაიკითხოთ, წევრები (შესაბამისად, კანდიდატებიც) დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. მე არ ვარ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, მხოლოდ ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული მრჩევლების საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება. ყველა ჩემი ფუნქცია, რომელიც მე შევასრულე როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა და რომლებიც აღნიშნულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ჩემი აზრით, მხოლოდ ამტკიცებს, რომ მე მაქვს საჭირო კვალიფიკაცია. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოები, სადაც მე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ვარ, გამოყენებულია ჩემი დისკრედიტირებისთვის, თუმცა ყველა საერთაშორისო იურისტისთვის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სხდომებში მონაწილეობა, დიდ პროფესიულ მიღწევად ითვლება, შესაბამისად, არ მესმის რანაირად შეიძლება ჩემს პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებული ეს ან სხვა ფაქტები ინტერპრეტირებული იქნას როგორც ინტერესთა კონფლიქტი. ჩემი ერთადერთი ინტერესი იყო მისიის შესრულება. მე არ მქონია სხვა დღის წესრიგი და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ ვყოფილვარ დანიშნული პოლონეთის მიერ, არამედ ვიყავი დანიშნული ეუთოს მიერ, შესაბამისად ანგარიში მოვამზადე ეუთოსა და არა პოლონეთისთვის". ინტერპრესნიუსთან ინტერვიუ - სრულად ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოს შესახებ 12 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიში აღწერს 2024 წლის შემდეგ განვითარებულ თითქმის ყველა მოვლენას ადამიანის უფლებების მიმართულებით, მათ შორის, ბრალდებებს საპროტესტო აქციების დაშლისას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტის სავარაუდო გამოყენების შესახებ. ეუთოს მოსკოვის მექანიზმი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ გააუქმოს ყველა ის ცვლილება თუ კანონი, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად აფასებენ და მოუწოდებს, "უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები". ანგარიშში "რომის წესდებაზე" ხაზგასმით წერია, რომ "წესდების" ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)