|
2026-03-13 15:41:42, 213 ნახვა
ეკონომიკა
TBC Capital-ის შეფასებით, სებ-მა 28 თებერვლიდან 12 მარტის პერიოდში $30 მლნ გაყიდა
TBC Capital-ი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსია. TBC Capital-ის ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმაზე 28 თებერვლიდან 12 მარტისთვის ჩათვლით დაახლოებით 30 მლნ დოლარი გაყიდა. მიმოხილვაში წერია, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ, დაახლოებით 2.5%-ით გაუფასურდა (ევროს მიმართ - 0.5%-ით), თუმცა 6 მარტის შემდგომ დასტაბილურდა და თითქმის უცვლელად ნარჩუნდება. "ჩვენი შეფასება, რომ ამის მიზეზი კონვერტაციები იყო, დასტურდება. დეპოზიტების კონვერტაციების ყოველდღიურ შეფასებაზე დაყრდნობით, 28 თებერვლიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი უცხოური ვალუტის დეპოზიტები, ლარის დეპოზიტები კი შემცირებულია. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია. ამავდროულად, წინასწარი მონაცემებით, დასტურდება მორიგი დაშვებაც კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში სებ-ის ინტერვენციების შესახებ. თუმცა, ჩვენი შეფასებით, სებ-მა გასულ დღეებში, 12 მარტის მდგომარეობით, მხოლოდ მცირე მოცულობის, დაახლოებით, 25-30 მილიონ აშშ დოლარამდე გაყიდა. რატომ არ გახდა საჭირო უფრო ძლიერი ჩარევა? პირველი, როგორც იკვეთება, 6 მარტის შემდგომ დეპოზიტების ლარიზაცია თითქმის უცვლელია, რაც მიუთითებს, რომ დამატებით კონვერტაციები, ამ ეტაპისთვის მაინც, არ ფიქსირდება, ანუ სენტიმენტები უფრო დასტაბილურდა. მეორე, იანვარ-თებერვალში ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და, მიმდინარე დინამიკისაგან განსხვავებით, დეპოზიტების ლარიზაციის ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზარზე სიჭარბე ვლინდებოდა, რამაც კონვერტაციების შედეგად უცხოურ ვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნა დიდწილად დააკომპენსირა. ამდენად, ინტერვენციებით დამატებით მოზრდილი მოცულობის მიწოდება ბაზრისთვის საჭირო არ გამხდარა. მთლიანობაში, ლარის კურსის კუთხით ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება, იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება", - წერია მიმოხილვაში. წინასწარი შეფასებით, თებერვალი სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. არსებული მონაცემებით, თებერვალში წმინდა სავალუტო რეზერვები (სსფ-ის სპეციალური ნასესხობის უფლების გარეშე), წინა თვესთან შედარებით, 371 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. უახლესი ინდიკატორების მხრივ, ჯამური უნაღდო ხარჯები მარტის პირველ კვირაში, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. მართალია, ზრდა დიდწილად ადგილობრივი ბარათების დანახარჯებით არის განპირობებული, თუმცა საერთო ჯამში, ჯერჯერობით, კლება არც უცხოური ბარათების კუთხით შეინიშნება, რაც ტურიზმიდან შემოსავლების წინასწარი შეფასებისთვის ერთ-ერთი სანდო მაჩვენებელია. ამასთან, TBC Capital-ის ინფორმაციით, 27 თებერვლის შემდეგ სასტუმროებისა და ავიახაზების კატეგორიებში უცხოური ბარათებით ხარჯებში შენელება იკვეთება, თუმცა, საპირისპიროდ, გაზრდილია სხვა კატეგორიებში დანახარჯები. მოცემულ კონტექსტში, გასათვალისწინებელია პოტენციური მიგრაციის ეფექტებიც, მით უფრო, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი არარეზიდენტების უნაღდო ხარჯებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამავდროულად, იზრდება ინფლაციური რისკებიც. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კვლავ ძალზე მერყევი რჩება. ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 9 მარტიდან მსხვილ ქსელებში ბენზინის ფასების ზრდა ფიქსირდება, დაახლოებით 4-6%-ის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ფასი 30%-ით არის მომატებული, ფასების კორექტირება, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს. მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის ფასების ზრდა, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედური ხარჯების ზრდასაც იწვევს. მომატებულია ტრანსპორტირებისა და დაზღვევის დანახარჯებიც, რაც შემდგომ პროდუქციის ფასებში ითარგმნება. "ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ინფლაციაზე მიმდინარე მოვლენების ეფექტი 0.3-დან 1.2 პროცენტული პუნქტის ფარგლებში იქნება, თუ დავუშვებთ, რომ წლის ბოლოს ნავთობის ფასი კონფლიქტამდე არსებულ დონეზე ან, დაახლოებით, 10-15%-ით მეტი იქნება. გაზრდილი რისკების ფონზე, კვლავ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება, იზრდება იმის ალბათობაც, რომ სებ-მა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეამციროს, ნაცვლად აქამდე არსებული 7.5%-ის მოლოდინისა. ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ, ბაზრის მოლოდინებით, 2026 წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის შემცირება უკვე საბაზო სცენარს აღარ წარმოადგენს", - აღნიშნულია მიმოხილვაში.
ირანი დუბაის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს თავს დაესხა
Axios: ტრამპი მტკიცედ არის გადაწყვეტილი, რომ ირანთან ომი აპრილის დასაწყისამდე გააგრძელოს
„ქართული ოცნება“ შურს იძიებს დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტ ტივის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის.
სააკაშვილი მოსკოვის მექანიზმზე - ივანიშვილი და მისი მახინჯი თოჯინები სახეს ვერ გაილამაზებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში დეპუტატების მხრიდან საქართველოზე
დასანქცირების შემდეგ, POSTV და TV იმედი FB-ზე მასალებს ახალი გვერდებიდან არეკლამებენ
ომი უკრაინაში
რუსეთი უკრაინის ფრონტზე ძალებს აგროვებს: ოკუპანტები გაზაფხულის შეტევისთვის ემზადებიან
2023 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ უკრაინაში ტერიტორიების დაკარგვა დაიწყო
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)