|
2026-03-11 20:57:54, 247 ნახვა
დასანქცირების შემდეგ, POSTV და TV იმედი FB-ზე მასალებს ახალი გვერდებიდან არეკლამებენ
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების [ISFED] განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მიერ სამთავრობო პროპაგანდისტული TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირების შემდეგ, ტელეკომპანიებს "სხვა პრობლემებთან ერთად, Meta-ს სოციალური ქსელების პლატფორმებზე საკუთარი კონტენტის დასპონსორების/რეკლამირების შეზღუდვაც წარმოეშვათ". ორგანიზაციის დაკვივრვებით, შეზღუდვებზე საპასუხოდ, ორივე ტელეკომპანია ფეისბუქზე ახალი გვერდების შექმანს და კონტეტნიტის მათი მეშვეობით რეკლამირებას ცდილობს. ISFED-ის განცხადებით, ორივე ტელეკომპანიის გვერდებზე რეკლამის განთავსება დასანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს შეწყდა. "ორივე შემთხვევაში (10.03.2026-ის მონაცემებით), რეკლამების ბიბლიოთეკაში მითითებულია, რომ ორგანიზაციას რეკლამის განთავსება Meta-ს სტანდარტების დარღვევის გამო შეეზღუდა". ორგანიზაციის განცხადებით, სანქცირებულ ტელეკომოანიებზე შეზღუდვების დაწესების შესახებ Meta-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. "თუმცა, პლატფორმის პრაქტიკა გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ შეზღუდვა შეეხო ტელეკომპანიების ფეისბუქგვერდებსაც".
"აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული მედია ფეისბუქზე საქართველოს მასშტაბით რეკლამების ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმათავსებელი იყო. ბოლო მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, „იმედმა“ და „პოს ტვ“-მ კუთვნილ გვერდებზე არასრულ ერთ თვეში 38 ათას აშშ დოლარამდე ღირებულების ათასამდე რეკლამა გამოაქვეყნეს. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებით, რაც 2020 წლის აგვისტოდან 2026 წლის 25 თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ამ ორმა ტელეკომპანიამ, Meta-ს რეკლამებისთვის, სხვადასხვა გვერდის მეშვეობით, ჯამში არანაკლებ 786,305 აშშ დოლარი დახარჯა, რაც ქართული მედიასაშუალებებისთვის აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელია. ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის მიერ Meta-ს პლატფორმებზე განთავსებული პოლიტიკურ ან/და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული რეკლამები 2020 წლის 4 აგვისტოდან 2026 წლის 25 თებერვლამდე" - წერს ISFED.
სამართლიანი არჩევნების განცხადებით, გამოავლინეს POSTV-ის 2 ახალი გვერდი, რომლებიც სანქციების დაწესების შემდეგ, 2026 წლის მარტში, შეიქმნა და ფეისბუქზე რეკლამებს ათავსებდა. ამ გვერდებმა პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება 4 მარტს მიიღეს და ყველა რეკლამა მომდევნო 2 დღის განმავლობაში გამოაქვეყნეს. ორგანიზაციის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ორივე გვერდს რეკლამების ბიბლიოთეკის შენიშვნაში (ე.წ. დისქლეიმერში) იდენტური საკონტაქტო ინფორმაცია აქვს მითითებული.
"ერთ-ერთმა გვერდმა „POSTV - ამბები“, ჯამში ფეისბუქზე 111 რეკლამა განათავსა, რომელთა საერთო ღირებულებამ 493 აშშ დოლარი შეადგინა. დარეკლამებული პოსტების შინაარსი ძირითადად ანტიდასავლურ გზავნილებს შეიცავდა. გავრცელებული ნარატივების ნაწილი დასავლეთს უკრაინისა და ირანის ტერიტორიებზე მიმდინარე კონფლიქტებში ომით დაინტერესებულ მხარედ წარმოაჩენდა. სანქცირებული მედია ასევე ავრცელებდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოლიტიკურ შეფასებებს, რომ დასავლეთმა უკრაინა გამოიყენა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანა. ფეისბუქ გვერდზე დარეკლამებული პოსტების ნაწილში ქართული მხარე ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე აპელირებდა და დასავლეთს საქართველოში ომით დაინტერესებულ ძალად წარმოაჩენდა. დასპონსორებული პოსტების მეშვეობით „პოს ტვ“ კვლავ განაგრძობდა უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას. აქტიურად ვრცელდებოდა სლოვაკეთისა და უნგრეთის პოლიტიკური ლიდერების კრიტიკული შეფასებები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, „პოს ტვ“-მ ვოლოდიმირ ზელენსკის წინაააღმდეგ სიუჟეტიც მოამზადა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტს უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფაში და დემოკრატიულ არჩევნებზე ზეგავლენაში ადანაშაულებდა. ამასთანავე, დასანქცირებულმა მედიამ მოამზადა სიუჟეტი საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ონლაინ მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ. „პოს ტვ“ მათ გარე ძალების დავალებების შემსრულებლებად წარმოაჩენდა. მეორე გვერდზე, „POSTV – Insight", 23 რეკლამა განთავსდა, ჯამური ღირებულებით, 227 აშშ დოლარი. ანტიდასავლურ გზავნილებთან ერთად აღნიშნული გვერდი საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ეწეოდა. „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები რადიკალურ ძალებად და უცხო ქვეყნის „აგენტურად“ იყვნენ წარმოჩენილი. პერსონიფიცირებული მადისკრედიტირებელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ნინო ლომჯარია და თინათინ ხიდაშელი. მათ შორის, ყოფილ სახალხო დამცველს პროპაგანდა გერმანიის ელჩთან ვიზიტის გამო სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობაში ადანაშაულებდა, ხოლო თინა ხიდაშელის წინააღმდეგ კამპანია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკოსმა „ქართული ოცნების“ ირანთან მჭიდრო დიპლომატიური კავშირები საჯაროდ გააკრიტიკა" - წერს ISFED. ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისთვის POSTV-ის არცერთი ახალი გვერდი აღარ იძებნება. ისინი აქტიური მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ და გვერდების წაშლის მიზეზი უცნობია. "როგორც აღმოჩნდა, „პოს ტვ“-ის მსგავსად, აუდიტორიის მოზიდვისთვის ფეისბუქზე რეკლამების გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებს ეძებს „იმედიც“. მის მთავარ გვერდებზე რეკლამების შეწყვეტის შემდეგ, 3 მარტს, შეიქმნა ფეისბუქგვერდი „იმედის მხარდამჭერები.“ გვერდმა Meta-ზე რეკლამების განთავსების შესაძლებლობა 5 მარტს მიიღო და იმ დღესვე დაასპონსორა ვიდეო: „სანდრო გამსახურდიას „ციტატა" - აგენტი თინა ხიდაშელი“. გვერდზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 პოსტია გამოქვეყნებული, ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება სანქციებთან დაკავშირებით და ზემოთ აღნიშნული ვიდეო. აღსანიშნავია, რომ იდენტური სახელწოდებით „იმედის მხარდამჭერები”, 25 თებერვალს საჯარო რეესტრში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დარეგისტრიდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ნიკა კლდიაშვილია. ის არხის სოციალური მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობს" - წერს ISFED.
მოლდოვას მთავრობამ დსთ-დან გასვლა დაამტკიცა
საქართველოში 2025 წელს საგზაო შემთხვევების, მათში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
ევროკომისიის პრესსპიკერი ყულევზე - ბოჭორიშვილმა აიღო ვალდებულება, დავაკვირდებით შესრულებას
დასანქცირების შემდეგ, POSTV და TV იმედი FB-ზე მასალებს ახალი გვერდებიდან არეკლამებენ
|
რედაქტორის რჩევით
დასანქცირების შემდეგ, POSTV და TV იმედი FB-ზე მასალებს ახალი გვერდებიდან არეკლამებენ
ივანიშვილის რეჟიმი ქალთა წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის კონვენციიდან გამოსვლას აპირებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ დრონით დაბომბა ტოლიატის ქიმიურ ქარხანა
უკრაინის გენერალურმა შტაბმა აჩვენა, „Storm Shadow“-ის დარტყმები ბრიანსკში მდებარე ქარხანაზე - ვიდეო
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)