2026-03-02 19:29:25, 290 ნახვა
პოლიტიკა
საგზაო წესების გამკაცრების კანონს პროფილურმა კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს
ივანიშვილის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა" კოდექსში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში ცვლილებების შეტანას.
მომხსენებლის, საქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა (გარდა იმ გზისა, რომელზედაც ტრანზიტული მოძრაობა დაშვებულია), თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი ქალაქი თბილისი არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე მოძრაობა - 200 ლარით დაჯარიმებას.
ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია" ან „დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ქ. ახალციხეში და ქ. ოზურგეთში, ისევე როგორც ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ან/და საქართველოს კურორტებზე, გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედება M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ასევე გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე – 100 ლარის ოდენობით. მისივე თქმით, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან" მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს 200 ლარით დაჯარიმებას.
კანონპროექტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს 200 ლარით დაჯარიმებას. ასევე, სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.
შესაბამისი ცვლილებებია გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონშიც. კერძოდ, საგზაო ნიშნებს ემატება ახალი ამკრძალავი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან". ასევე, ცვლილებები ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,